ანანიძემ კარიერის დასრულება უარყო - იანვარში 100 პროცენტით მზად ვიქნები
ანანიძემ კარიერის დასრულება უარყო - იანვარში 100 პროცენტით მზად ვიქნები

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ კატეგორიულად უარყო ცნობა კარიერის დასრულების შესახებ და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ გვერდზე მკვეთრი რეაგირება მოახდინა.

ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა, მისი ყოფილი კლუბის, ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ხაცკევიჩმა გაავრცელა. 28 წლის ფეხბურთელის თქმით, წინა დღეს მას აჩვენეს მედიაში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია და მისი უარყოფა გადაწყვიტა.

„ეს იყო ჩემი რეაქცია ტყუილზე – ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაწყვიტეს ასეთი ნაგავი დაეწერათ ჩემზე. ეს თქვა ხაცკევიჩმაც? არ ვიცი, მან რა თქვა, ვნახე სათაური და შემდეგ უკვე აღარ მაინტერესებდა იმის წაკითხვა, თუ რა ეწერა და ვინ თქვა. ამიტომ, საერთოდ არ მაინტერესებს, იქ ხაცკევიჩი წერდა თუ ვინმე სხვა. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რასაც მე ვფიქრობ და ვგრძნობ. თუ თავში აზრად კარიერის დასრულება მომივა, მაშინ მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ ვიტყვი. ჩემს მაგივრად რამე რატომ უნდა თქვა?“ – ანანიძემ Sport 24-თან კომენტარში აღშფოთება არ დამალა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა რეაბილიტაციაზე ილაპარაკა:

„თავს ნორმალურად ვგრძნობ. მოსკოვის შემდეგ თურქეთში ვიყავი, სადაც ვმკურნალობდი და გამოკვლევა ჩავიტარე. ახლა უკვე რეაბილიტაციის მეორე ეტაპს გავდივარ. მითხრეს, რომ სერიოზული არაფერია. დავრბივარ და ვვარჯიშობ. ვფიქრობ, რომ იანვარში 100% მზად ვიქნები. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზული არაფერი მჭირს, ჯვარედინი მყესების და ხრტილების პრობლემები არ არსებობს. ეს მხოლოდ გვერდითი მყესების საკითხია, რომლებიც ჯერ მოსვენებას არ მაძლევს, სხვა ყველაფერი კარგადაა”.