ანანიძე, ფორვარდი „მილიონარიოსიდან“ და მცველი ბალკანეთიდან - ბათუმის „დინამო“ მოთამაშეებს იმატებს #1TVSPORT
ახალი სეზონისთვის ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობა საგრძნობლად განახლდება, რადგან წასულების ნაცვლად კლუბმა უკვე რამდენიმე მოთამაშე დაიმატა, ორ მოთამაშეს შეუთანხმდა, ხოლო კიდევ ერთ ლეგიონერთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
კლუბში შევიტყვეთ, რომ მოლაპარაკება მთავრდება გამოცდილ ცენტრალურ მცველთან, რომელიც ბალკანეთის ერთ-ერთ ქვეყნიდანაა და იმედი აქვთ, რომ დაცვას სერიოზულად გააძლიერებს.
ბათუმში საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს, რომ „დინამო“ კონტრაქტზე შეუთანხმდა ჯანო ანანიძეს, რომელმაც სეზონს ბოლოს „დინამო თბილისი“ დატოვა. საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა 29 წლის ნახევარმცველმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის აპრილში გააფორმა, თუმცა ტრავმის გამო „დინამოში“ მხოლოდ ერთხელ, ბათუმის „დინამოს წინააღმდეგ ითამაშა.
საქართველოს პირველ არხს ასევე დაგვიდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიკარდო მარკესთან (მას სამშობლოში ელ კაბალო მარკესს ეძახიან) კონტრაქტზე შეუთანხმდნენ. ბოგოტას „მილიონარიოსის“ ტანმაღალი კოლუმბიელი თავდამსხმელი (187 სმ) 24 წლისაა, იყო კოლუმბიის 23-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი და მისი ფორმა 6 მატჩში მოირგო.
ბათუმის „დინამო“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ, გია გეგუჩაძე და გუნდის ხელმძღვანელები 2022 წლისთვის გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებენ.