ანალენა ბერბოკმა ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების დამტკიცებაზე უარისთვის გააკრიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების დამტკიცებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან მტკივნეულია“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს კანცლერი არ უხსენებია, თუმცა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის რამდენიმე ხმის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპის მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა.
ამასთან, ინტერვიუში ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მისთვის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა ნიშნავს არა ქარის მიმართულებით მოძრაობას და შემდეგ საარჩევნო კამპანიებში საპირისპიროდ მოქმედებას.
ანალენა ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.