ანალენა ბერბოკი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, შეყოვნების გარეშე მოახდინონ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირება
ანალენა ბერბოკი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, შეყოვნების გარეშე მოახდინონ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, შეყოვნების გარეშე მოახდინონ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირება. ამის შესახებ ბერბოკმა ჰელსინკიში ფინელ კოლეგასთან, პეკა ჰაავისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გასულ ზაფხულს, მადრიდში ნატო-ს სამიტზე ჩვენ ერთად ჩავუყარეთ ნატო-ში თქვენს გაწევრიანებას საფუძველი და, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ნატო-ს ყველა წევრი სწრაფად შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, შეყოვნების გარეშე. ფინეთი და შვედეთი აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, რაზეც ჩვენ მადრიდში ყველა ერთად შევთანხმდით, როგორც ნატოს წევრები“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები ზაფხულში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე გახდებიან.

„ჩვენ გასულ ზაფხულს, მადრიდში შვედეთთან და თურქეთთან შევქმენით სამმხრივი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფს ჰქონდა ორი ძალიან კარგი შეხვედრა, ერთი – ჰელსინკიში და მეორე – სტოკჰოლმში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც წამოაყენა თურქეთმა და ვუპასუხეთ ყველა კითხვას, რომელიც თურქეთმა დასვა. ასე რომ, ვიმედოვნებთ, ამას შედეგად მოჰყვება რატიფიცირების ძალიან სწრაფი პროცესი და ორივე, ფინეთიც და შვედეთიც შეძლებენ, გახდნენ ნატო-ს წევრები უკვე ვილნიუსის სამიტზე“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ.

ამჟამად ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არიან. მათი განაცხადი რატიფიცირებული აქვს ალიანსის წევრ ყველა ქვეყანას, თურქეთისა და უნგრეთის გარდა.

გასულ თვეს ანკარამ განაცხადა, რომ მზად არის, მხარი დაუჭიროს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას. რაც შეეხება შვედეთს, თურქეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ სტოკჰოლმთან მოლაპარაკებები შეაჩერა მას შემდეგ, რაც შვედეთში თურქეთის საელჩოსთან ულტრამემარჯვენე აქტივისტმა საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კი 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი მიმდინარე წლის დასაწყისში მოახდენდა.