ანალენა ბერბოკი - გვინდა, საქართველო ვნახოთ ევროკავშირში, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ
ანალენა ბერბოკი - გვინდა, საქართველო ვნახოთ ევროკავშირში, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ

საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ვნახოთ ევროკავშირში და გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველოს საგრძნობი წინსვლა აქვს.

„ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გავლა ყოველთვის მარტივი არ არის. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, რომ აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით, 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ბუნებრივია, აუცილებელია ერთობლივი მუშაობა. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ „აგენტების კანონპროექტის“ გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს.

საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე. მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი. ამიტომ, გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გასაძლიერებლად. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა, რადგან ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე. სწორედ ამიტომ ევროკავშირის არაოფიციალურო დევიზი არის „ერთობა სიმრავლეში“. სამომავლოდ გვინდა საქართველოსთან ერთად ამის განხორციელება. აუცილებელია, დრო აღარ დაიკარგოს. ეს არის მომენტი ისტორიაში, როდესაც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების საფუძველზე გავაგრძელოთ და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.

ბატონო ილია, ნიუ იორკში ერთი თვის წინ შეგხვდით და იქ იყო საუბარი კონკრეტულ საკითხზე – უკრაინის წინააღმდეგ რუსულ თავდასხმით ომზე, ამის დაგმობის საკითხზე. სიგნალი, რომელიც გაიგზავნა, მათ შორის თქვენი მხარდაჭერის წყალობით, რომელიც გაგზავნა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, იყო ერთიანობის სიგნალი. ერთიანობა იმ ღრმა რწმენით, რომ დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე, და ერთიანობა მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე. გაერო-ს ქარტიაც ზუსტად ამას განსაზღვრავს, განსაზღვრავს მშვიდობიან გზას. ხოლო ამ გზის ფუნდამენტი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. სწორედ ამიტომ შემთხვევით არ არის, რომ როდესაც გადაადგილდები თბილისის ქუჩებში, ხედავ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო – საქართველოს მხარდაჭერა ამ რეზოლუციისა და თქვენი მკაფიო პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსული თავდასხმითი ომის მიმართ, არის ძალიან დასაფასებელი და უდიდესი მნიშვნელობის. ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო – 2008 წლის რუსული ინტერვენცია საქართველოში, ორი რეგიონი, რომლებიც დე ფაქტო რუსული კონტროლის ქვეშ არის და რუსული სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც იქ იმყოფებიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ რომ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო და საქართველოს ადგილი არის ევროპის კავშირში.

გერმანიაში ყველა სფეროში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ. ჩვენი ხელი ძალიან შორს არის გამოწვდილი, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარია 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება. ქართველებმა, მანდილოსნებმა და მამაკაცებმა, თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ეს არის მათი სურვილი. უდიდესი მადლობა, რომ მიმიღე შენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა აქტორთან ერთად“, – განაცხადა ბერბოკმა და დარჩიაშვილს მიღებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.