ანალენა ბერბოკი - გულწრფელად მაინტერესებს, რომის პაპი რაზე ფიქრობდა, მის განცხადებას ვერ ვიგებ
ანალენა ბერბოკი - გულწრფელად მაინტერესებს, რომის პაპი რაზე ფიქრობდა, მის განცხადებას ვერ ვიგებ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ რომის პაპის განცხადება ვერ გაიგო.

„გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, ვერ ვიგებ“, – ამბობს ბერბოკი.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ“. „ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ“, – ამბობს ბერბოკი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს, ყველაფერი გააკეთოს, რომ ამ ხალხმა თავის დაცვა შეძლოს.

ბერბოკის თქმით, მინიმალური შანსიც რომ არსებობდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამს, მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის.

„სამწუხაროდ, ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ“, – განაცხადა ბერბოკმა.

რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“.