ანალენა ბერბოკი - გერმანია ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დგას უკრაინის გვერდით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინას შეუძლია, დაეყრდნოს გერმანიის, ევროპისა და სხვა ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას
უკრაინა მარტო არ არის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს.
ბერბოკი ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.
„უკრაინა მარტო არ არის. გერმანია ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დგას უკრაინის გვერდით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინას შეუძლია, დაეყრდნოს გერმანიის, ევროპისა და სხვა ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას. მათ მიერ დემოკრატიის დაცვა, მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მისწრაფება ჩვენიცაა“, – წერს ბერბოკი.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.