ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, ბერბოკთან შეხვედრისას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

ამასთან, ეკა გიგაურის ინფორმაციით, ანალენა ბერბოკს სთხოვეს, რომ გერმანიამ საქართველოს კანდიდატის მინიჭების საკითხში მხარი დაუჭიროს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. განვიხილეთ „რუსული კანონი“ და რა პროცესებიც იყო ამ კანონის ინიცირებამდე, ინიცირებისა და ჩაგდების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს. ჩვენ უნდა მივიღოთ სტატუსი და ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რათა წლის ბოლოს სტატუსი მივიღოთ. რა თქმა უნდა, ასევე გვჭირდება დასავლელი პარტნიორების დახმარება ამ მიმართულებით.

ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთქვას ჩვენს ხალხს, რადგან დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი არის ის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება. პირიქით, აფუჭებენ საქმეს. მთავარი, რაც ვთხოვეთ, არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ სტატუსი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის.

მისი მხრიდან ის ფაქტი, რომ ჩამოვიდა, არის მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, დასავლელი პარტნიორები ეძებენ გზებს, როგორ შევხვდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს სტატუსი ნამდვილად მივიღოთ. მათი მხრიდან არის მცდელობები, იგივე დახმარებაც, მაგალითად, რეფორმების ჩატარების კუთხით და ამას გააგრძელებენ, რადგან ისინიც მიიჩნევენ,  რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი. უბრალოდ, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ანალენა ბერბოკთან შეხვედრასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემაც.

„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. სამოქალაქო ორგანიზაციებით რომ იწყება შეხვედრა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმ ფონზე, როდესაც ასეთი კანონმდებლობა იყო ინიცირებული და ამის შემდეგაც გრძელდება თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე. რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, ძირითადად, ინტერესის საგანი იყო საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, განვითარება და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში 12 რეკომენდაციის შესრულება. რა ეტაპზეა ეს რეკომენდაციები, ძირითადად ამაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, დღეს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რამდენად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ხალხი იდგა ქუჩაში ევროპული მომავლის დასაცავად. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, რადგან მინისტრიც კარგად იყო ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და, ფაქტობრივად, გამოხატა მხარდაჭერა და გვერდში დგომა ქართველი ხალხისადმი.

რა თქმა უნდა, საუბარი იყო მართლმსაჯულების საკითხებზე, იმავე არჩევნების ჭრილში, საუბარი იყო მედიის თავისუფლების საკითხებზე. ცხადია, აინტერესებდათ, ამ ეტაპზე რა არის განხორციელებული და რა არის გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, იყო პრობლემები რეკომენდაციების შესრულებაში, საქართველოს და ქართველ ხალხს რამდენად სჭირდება კანდიდატის სტატუსი, ეს იყო მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.