ანაკლიის სააგენტოს ხელმძღვანელი - ბანკებთან კომუნიკაცია არ შეწყვეტილა
ანაკლიის სააგენტოს ხელმძღვანელი - ბანკებთან კომუნიკაცია არ შეწყვეტილა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელ დავით ჯავახაძის ინფორმაციით, მთავრობას, ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკებები დიდი ალბათობით, მაისში გაიმართება.

„ამ ეტაპზე, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მოლაპარაკება მთავრობას, ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის საინვესტიციო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახურვის მიღწევა. არ შეწყვეტილა კომუნიკაცია ბანკებთან. ეს შეეხებოდა დაზუსტებებს სხვადასხვა ძირითად საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო კომუნიკაცია მთელი აპრილისა და მარტის განმავლობაში“, – აღნიშნა ჯავახაძემ.

რაც შეეხება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის შესაძლო გახანგრძლივებას, ჯავახაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ უნდა მიიღოს.

მოქმედი ხელშეკრულებით, კონსორციუმმა ანაკლიის პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები ივნისის ბოლომდე უნდა მოიძიოს.

ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთავრობას რამდენიმეპუნქტიანი პირობა წარუდგინეს.