ანაკლიის პორტისთვის სპეციალისტებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მოამზადებს
ანაკლიის პორტისთვის სპეციალისტებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მოამზადებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიით ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი, უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine დაინტერესდა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სკიპ სალინი და სხვა წარმომადგენლები დღეს აკადემიას ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ სასწავლებლის შესაძლებლობებს.

სკიპ სალინის განცხადებით, საზღვაო აკადემიის პოტენციალი იძლევა იმის საშუალებას, რომ პორტის მომავალი პერსონალი სწორედ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტდეს.

„დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, იმ სასწავლო შესაძლებლობების გამო, რომელიც აქ ვნახე. ვხედავ თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. დაახლოებით ორ წელიწადში დღის წესრიგში დადგება თანამშრომელთა აყვანა და საზღვაო აკადემია იქნება ამისთვის მნიშვნელოვანი ბაზა. აქ მოხდება სპეციალისტების მომზადებაც“, – განაცხადა სკიპ სალინიმ.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის განცხადებით, ამერიკული კომპანიის ინტერესი აკადემიას დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.

„მათ უნდათ, რომ წაიყვანონ კურსდამთავრებულები მათთან სამუშაოდ. ასევე, სურთ მოხდეს სხვადასხვა სპეციალისტების გადამზადება სწორედ ჩვენს აკადემიაში. ეს კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების რეალური პერსპექტივაა. ასევე, სასწავლებლისთვის დამატებითი ფინანსური წყაროც იქნება“, – განაცხადა აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ.