„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - აზიის უმსხვილესი სპეციალური ეკონომიკური ზონა ანაკლიასთან თანამშრომლობით დაინტერესდა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი კამბოჯაში ქალაქ პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20-24 თებერვალს ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები კამბოჯას სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებელი და ოპერატორი „პიელსის“ (PLc) მიწვევით სტუმრობდნენ და ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აღნიშნავს, რომ „პიელსი“ (PLc) ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან პარტნიორობით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის კონსორციუმის გუნდს სხვადასხვა პროექტების, ბიზნეს მოდელებისა და სერვისების განვითარების კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
გარდა ამისა, კამბოჯაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ინვესტორთა ობიექტებსაც ეწვივნენ, ასევე კამბოჯის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფ „ელსიეიჩს“ (LCH) შეხვდნენ, რომელმაც პნომის სპეციალური ეკონომიკური ზონა იაპონურ კომპანიებთან ერთად შექმნა. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გაიმართა უდიდეს კომპანიებთან – „ნიპპონ ექსპრესი“ (Nippon Еxpress), „ბოკ სენ გრუპი“ (Bok Seng Group), „მაინბიმიცუმი“ (MinebeaMitsumi ),„ტოიოტა თისუშის“ (Тоyota Тsushi) და „ესვიაი პაბლიკ ტაილანდთან“ (SVI Public-Thailand), დაათვალიერეს მათი საწარმოები. კონსორციუმის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები საქართველოთი, კონკრეტულად, ანაკლიის სპეციალური ზონით დაინტერესდნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა. სასიხარულოა, რომ კამბოჯის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმან კომპანიას ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობა სურს. პნომპენის ზონა ძალიან საინტერესოა, რადგან იქ წარმოდგენილ კომპანიებს შორის 54 პროცენტი იაპონურია და მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს ნიშნავს ხარისხიან ინვესტიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალ კორპორატიულ მმართველობას. მალე მათ წარმომადგენლებს საქართველოში ველოდებით“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.
„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 475 ჰა ტერიტორიაზე განთავსდება, მოიზიდავს 1,04 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და 16 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ეს იქნება პირველი თანამედროვე ლოგისტიკური და ინდუსტრიული სივრცე, სადაც კომპანიებს შევთავაზებთ პორტთან და რკინიგზასთან ინტეგრირებულ ზონას, ოპერაციების გამარტივებულ სისტემას. ჩვენი მიზანია ანაკლია საერთაშორისო და მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვის, ხოლო ადგილობრივი კომპანიების განვითარების პლატფორმა გახდეს,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, მარტის დასაწყისში დაგეგმილია პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის აღმასრულებელი დირექტორის, ჰიროში იემაცუსა და იაპონური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. მათი მიზანი კი, ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვაა.
„პიელსი“(PLc) პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომელიც 2008 წელს დაიწყო ოპერირება და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი. 400 ჰექტარზე განთავსებული ეკონომიკური ზონა დღეისთვის აშშ -ს, იაპონიის , სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14 ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს.