„ანაკლია საერთაშორისო კორპორაციებისთვის კარიბჭე იქნება“
„ანაკლია საერთაშორისო კორპორაციებისთვის კარიბჭე იქნება“

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტის წარდგენის შემდეგ, „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა პროექტის უპირატესობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ბოჭორიშვილის თქმით, ანაკლია განსაკუთრებულად კონკურენტუნარიანი გახდება და იქ ეკოქალაქისა და ე.წ. ჭკვიანი ქალაქის პრინციპები იმოქმედებს.

„აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩვენ ვისაუბრეთ, რა კონკურენტუნარიანი გარემოებებია „ანაკლია სითიში“. „ანაკლია სითის“ სპეციალური ეკონომიკური სტატუსი გააჩნია, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ეს ჩვენ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობის საშუალებას გვაძლევს, რომელიც განსაკუთრებული ბიზნესრეგულაციებით იქნება შემოფარგლული. ანაკლია ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც განსაკუთრებულად კონკურენტუნარიანი იქნება და სხვა დონის კომპანიების მოზიდვის საშუალება გვექნება. თავდაპირველად ჩვენ 400 ჰექტარზე განვითარებას ვაპირებთ, საბოლოო ჯამში კი 2 000 ჰექტარის. პირველ ფაზაზე ინდუსტრიულ- ლოჯისტიკური პაკეტი, შემდგომ კი ყველა ის ელემენტი უნდა განვითარდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აქ ჯანსაღი და თანამედროვე გარემო იყოს. ანაკლიის ინდუსტრიული ზონა ასევე გამოირჩევა იმით, რომ აქ მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე და ეკოქალაქის პრინციპებზე აგებული კონცეფცია იქნება. აქ ე.წ. ჭკვიანი ქალაქის პრინციპები იქნება. ანაკლია საერთაშორისო მულტინაციონალური კომპანიებისა და კორპორაციებისთვის კარიბჭე იქნება, რადგან აქ იქნება როგორც საუკეთესო ინფრასტრუქტურა პორტის, რკინიგზის, გზის აეროპორტთან ინტეგრირებული, მეორე მხრივ, ბიზნესგარემოსთან ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა სერვისი ნაკლები ბიუროკრატიით აღჭურვილი იქნება. პორტის მშენებლობა წლის ბოლოს იწყება და 2021 წელს, როდესაც პორტის პირველი ფაზა დასრულდება, ინდუსტრიული ზონის პირველი ფაზაც გამართულ მდგომარეობაში იქნება. ანაკლია უნიკალური ადგილია და საერთაშორისო კომპანიებმა რეგიონისთვის დისტრიბუციის ჰაბად უნდა გამოიყენონ. ნელ-ნელა ეს ადგილი მწარმოებლებისთვისაც ხელსაყრელ ადგილად გადაიქცევა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ქეთი ბოჭორიშვილის განმარტებით, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ „ანაკლია სითის“ მიმართ დაინტერესება დიდია.

„ამ ფორუმზე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და ქალაქზე საკმაოდ დიდი ინტერესია როგორც პოლიტიკური ლიდერების მთავარ მოხსენებებში, ასევე კერძო სექტორისაგან. ეს პროექტი შესაძლებლობას ყველა მიმართულებას სთავაზობს, როგორც ლოჯისტიკურ, სატრანსპორტო და გადამზიდავ კომპანიებს, ასევე ეს ქალაქი შესაძლებლობას უძრავი ქონების კომპანიებს და ფინანსურ ცენტრებს სთავაზობს. შესაბამისად, მაღალია ინტერესი და ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა გვაქვს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

დატოვე კომენტარი