ანა წითლიძე - ვისურვებდი, ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პარტიას გულისხმობს, ერთადერთი, რომელსაც არ უნდა, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, არის რუსული ოცნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საბაბი არავისთვის მიუცია
ანა წითლიძე - ვისურვებდი, ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პარტიას გულისხმობს, ერთადერთი, რომელსაც არ უნდა, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, არის რუსული ოცნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საბაბი არავისთვის მიუცია

ვისურვებდი, ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ უნდა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს ამ ქვეყანამ და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, არის რუსული ოცნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, საქართველოში მან არ იცის სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება, ხელს უშლიდეს კანდიდატის სტატუსს.

„მიმაჩნია, რომ ეს განცხადებები თუ არ იქნება უფრო მკაფიო, რუსულ ოცნებას შეუძლია, პროპაგანდისთვის გამოიყენოს ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომაც ვისურვებდი, მსგავსი განცხადებები, უბრალოდ, არ ყოფილიყო და თუ იქნებოდა, მაშინ ბატონმა ხაზარაძემ დააკონკრეტოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მთავარი მესიჯი, რაც ჩვენგან საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ, არის ის, რომ როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს საქართველოს, ეს არის დროებითი, ქართველი ხალხი თავისი ბრძოლით – და ეს განსაკუთრებით გამოაჩინა 7-8 მარტის მოვლენებმა – იმსახურებს, რომ გვქონდეს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რაც შეგვიძლია ამ მიმართულებით, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

წითლიძის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს, რადგან, როგორც წითლიძე განმარტავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საბაბი არასდროს არავისთვის მიუცია.

„ვისურვებდი, რომ უფრო მკაფიო იყოს ეს განცხადებები, რადგან ვიცით, როგორია ხელისუფლების პროპაგანდა. ხელისუფლება ცდილობს, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს დააბრალოს ოპოზიციას და ბატონი ხაზარაძის განცხადებები შეიძლება, ხელისუფლებამ სწორედ ამ პროპაგანდისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით“.