ანა წითლიძე - ჩვენს ამომრჩეველს უნდა, გვნახოს არა უაზრო კინკლაობაში, არამედ როგორ ვიბრძვით ერთად პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის
ანა წითლიძე - ჩვენს ამომრჩეველს უნდა, გვნახოს არა უაზრო კინკლაობაში, არამედ როგორ ვიბრძვით ერთად პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს პარტიაში შეხვედრას დაესწროს ყველა მხარე და მოხდეს ყველა სტრატეგიისა და მოსალოდნელი შედეგის განხილვა.

„საუბარი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ყველა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მივიჩნევ, რომ პარტიის უმთავრესი საზრუნავი დღეს უნდა იყოს ეს. ყველა ვხვდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდება, როგორც არის ახლა. პარტიას მოუწევს რამდენიმე სტრატეგიაზე მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, მაგრამ სასამართლო თუ გაწირავს სააკაშვილს სიკვდილისთვის, ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე. განიხილება ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის აქციები, საპარლამენტო, ნებისმიერი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გადავარჩინოთ პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა წითლიძემ.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა დღევანდელ შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ყველა მხარის წარმომადგენელი იქნება შეხვედრაზე.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ შეიძლება, განსხვავებული პოზიციები და შეხედულებები გვქონდეს პარტიის შიგნით მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს განსხვავებული პოზიციები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებით. ამიტომაც კონკრეტულ პიროვნებებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ყველა მხარის წარმომადგენლები იქნებიან აქ, ამ შეხვედრაზე და ყველა მხარე იქნება აბსოლუტურად ჩართული ამაში. ხაბეიშვილის წარმომადგენლები იქნებიან ამ შეხვედრაზე, ეს შემიძლია, დავაზუსტო. ჩვენს ამომრჩეველს უნდა, რომ გვნახოს არა უაზრო კინკლაობაში, არამედ გვნახოს, ერთად როგორ ვიბრძვით პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – განაცხადა წითლიძემ.