ანა წითლიძე – ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება, გაიმარჯვოს, ანა წითლიძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა თუ ნებისმიერმა სხვამ

00:03, 25.06.2026

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელის და გვარების ცვლილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ან ვინ შეიძლება, გაიმარჯვოს, ეს იქნება ანა წითლიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, თინა ბოკუჩავა, თუ კიდევ ნებისმიერი სხვა, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, მისი მოხსენიება პარტიის შესაძლო თავმჯდომარეობის კანდიდატად, რადგან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რაზეც ისაუბრა თავად მიხეილ სააკაშვილმაც, რომ პარტიაში განხორციელდეს სისტემური რეფორმები და პარტია გახდეს სახალხო“, – განაცხადა წითლიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა პარტია ახლა სახალხო, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ საკითხს ასე არ დასვამდა იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი რეპრესია გაიარა.

„2012 წლის პირველი დღიდან, როცა ივანიშვილი მოვიდა, თქვა, მთავარი სამიზნე არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გავანადგურო. 40 000 პარტიის წევრი არის მარტო რეპრესირებული ჩვენი, რომელიც ან ციხეშია, ან სამსახურიდან არის გათავისუფლებული, ან დევნილობაშია. იმას არ ჩავთვლი, ცხვირ-პირს რომ გვამტვრევდნენ, ოფისებს გვირბევდნენ და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხაბეიშვილი ციხეშია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ადამიანი, ირაკლი ნადირაძე ციხეშია და ჩვენი პარტიის ათეულობით წევრი არის ციხეში. ამ ფონზე, როგორ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფრის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობამ“ შეძლო? არა, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სუბიექტური და ობიექტური გამოწვევები ჰქონდა ამ 14 წლის განმავლობაში. მათ შორის, ახლა გაუქმებაც გველის. გვაუქმებენ, თუ არ გვეუბნებენ, ესეც ვერ გავიგეთ, მაგრამ ეს პროცესიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში. თან, იმის გათვალისწინებით, რომ პარტია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დაფინანსება არა აქვს, მით უმეტეს, საკრებულოში არ არის წარმოდგენილი. ძალიან ბევრი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დადგა პარტია“, – განაცხადა წითლიძემ.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ის ისურვებდა, პარტია უფრო მეტად სახალხო იყოს.

„თქვენ მე ეს კითხვა დამისვით, რომ ჯერ ვერ არის ისეთი სახალხო და მე გეტყვით, რომ ხო, მე ვისურვებდი, უფრო მეტად სახალხო ვიყო. მე აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ცხადია და თითს არ ვიშვერ არავისკენ. იმიტომ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის ეს და ახლა, „ნაციონალური მოძრობა“ როგორ შეიძლება, რაღაცით კმაყოფილი იყოს, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ამ ქვეყანას, ხომ?”, – განაცხადა წითლიძემ.

შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ მისი განცხადებები, რომ პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღებოდა ვიწრო წრეში, წითლიძემ თქვა, რომ მას ეს არ დაუმალავს.

„მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამას თვლი და სწორედ ამიტომაც ვთქვი მე, რომ სახელი და გვარების ცვლილება კი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს რეფორმა გატარდეს. მე გამოვეხმაურე კი, მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტს, გადავაზიარე და ვთქვი კიდეც ზუსტად ეს, რომ ჩემთვის ფიგურალურად, სამ კაცში პირობითად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტა არ იქნება მისაღები. არ ვთვლი, რომ პარტიის განვითარებისთვის არის რაღაც ხელშემწყობი და როგორ ვუყურებ ახლა ამ პროცესს. სხვათა შორის, იმ სამში შეიძლება, ჩემს თავსაც ვგულისხმობდი“, – განაცხადა წითლიძემ.

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა იმას, რომ პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს, ანი წითლიძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის.

ანი წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით საკითხი ნანუკას ექსკლუზივი არ არის“.

„ჩვენ ვიყავით პარტიაში ადამიანები, ვისაც არ გვინდოდა და მე ეს საჯაროდ ვთქვი. პირველივე დღეს ვთქვი და მე წინააღმდეგ მივეცი საერთოდ მანდ შესვლას ხმა და ყველგან, ყოველთვის ვამბობდი, ყველა ეთერში, ყველა კომენტარში, რომ მანდ შესვლა „ნაციონალური მოძრაობის“, იყო შეცდომა”, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი