ანა ნაცვლიშვილი - წესის თანახმად, პარლამენტი არჩევნების დროს არ მუშაობს, მაგრამ ახლა ქვეყანა არის ომის პირობებში
ანა ნაცვლიშვილი - წესის თანახმად, პარლამენტი არჩევნების დროს არ მუშაობს, მაგრამ ახლა ქვეყანა არის ომის პირობებში

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებას გამოეხმაურა, რომ პარლამენტი არჩევნებიდან გამომდინარე ერთი თვით მუშაობას შეაჩერებს და იუსტიციის მინისტრის მოსმენა, რომელიც დაგეგმილი იყო, მოგვიანებით გაიმართება.

ნაცვლიშვილის თქმით, მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდნენ და დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ.

„ეს დღის წესრიგი არის სტანდარტული, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მისაღები, მაგრამ ახლა ქვეყანა არის ომის პირობებში, დღეში 80 ადამიანს ვკარგავთ, მძიმე ვითარებაში არიან ადამიანები. არ მგონია, რომ საკმარისი იყოს მხოლოდ სიტყვიერი გამხნევება. რა დროს იუსტიციის მინისტრის მოსმენის გადადებაა, როცა ციხეებში უმძიმესი ვითარებაა? მინისტრის მოსვლა სამი თვის წინ მოვითხოვეთ, ასევე ჯანდაცვის მინისტრის. როგორც წესი, პარლამენტი არჩევნების დროს არ მუშაობს, მაგრამ ის პარლამენტი არ ვართ, სტანდარტულად წარვმართოთ პროცედურა. სად არის საპარლამენტო კონტროლი? თქვენ ფიქრობთ, სიმძიმისთვის არ მიუღწევია პროცესს და 80 მიცვალებულს შევეგუოთ? ამაზე ვაწერთ ხელს? არ ვფიქრობ, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ. ჩვენ, როგორც ინსტიტუციამ, საპარლამენტო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ, რათა საზოგადოებამ განახორციელოს კონტროლი ეპიდვითარებაზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, პარლამენტი საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება, რის შემდეგაც საქმიანობა დროებით შეჩერდება.