ანა ნაცვლიშვილი – ვმუშაობთ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი სრულად შეიცვალოს
„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი სრულად შეიცვალოს.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, პროფესიული წესით შერჩევა პრაქტიკაში ისე გატარდეს, რომ პროფესიული წევრს შეეძლოს, არჩევნების სამართლიანად ჩატარების სიმძიმე ატაროს.
„საარჩევნო პროცესების აქილევსის ქუსლი არის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების არასწორი წესი, რომელსაც იქამდე მივყავართ, რომ ამ ადმინისტრაციების მიერ ჩატარებულ არჩევნებს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ნდობა არ აქვს. საარჩევნო ადმინისტრაციისა და დავების განხილვის წესი არის ჩამორჩენილი თანამედროვე სტანდარტებს და ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც მკაცრად არის გაკრიტიკებული მათ შორის ინიცირებული კანონპროექტი. ვმუშაობთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი სრულად შეიცვალოს. თუ ეს არ მოხდება, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, იგივე იქნება თვითმმართველობის არჩევნებზეც.
განხილვები ემსახურება იმას, რომ არჩევნებმა ქვეყანაში დაიბრუნოს აზრი. არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნებიან არჩეული პროფესიული ნიშნით არჩეული პირები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციებში წლების განმავლობაში იყვნენ, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ აკომპლექტებდა სუს-ი სიებით და პროფესიული ნიშნით რეალური შერჩევა არ არსებობდა. მთავარი ამოცანაა, რომ პროფესიული წესით შერჩევა ისე გაიწეროს და პრაქტიკაში ისე გატარდეს, რომ პროფესიული წევრი იყოს კომპეტენტური არჩევნები, რომელსაც შეუძლია არჩევნების სამართლიანად ჩატარების სიმძიმე ატაროს. იცით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე აირჩევა წევრებისგან. მთავარი ამოცანაა, როგორ გახდება ადამიანი ცესკო-ს წევრი. პროფესიული ნიშნით წევრების არჩევა ფუნდამენტურად თუ არ შეიცვლება და პროფესიული წევრი რეალურად არ იქნება პროფესიულ საბურველში გადაცმული მმართველი პარტიის ჯარისკაცი უბანზეც, ოლქშიც და ცესკო-შიც, მაშინ ახალ სისტემას აზრი ექნება. თუ იგივე სისტემა დარჩება, აზრი არ ექნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.