ანა ნაცვლიშვილი - ვარჰეის შეხვედრა ოპოზიციის ჯგუფების ფართო წარმომადგენლობასთან თავისთავად გზავნილია, რომ დემოკრატია ოპოზიციის გარეშე არ არსებობს
ანა ნაცვლიშვილი - ვარჰეის შეხვედრა ოპოზიციის ჯგუფების ფართო წარმომადგენლობასთან თავისთავად გზავნილია, რომ დემოკრატია ოპოზიციის გარეშე არ არსებობს

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ ვარჰეი შეხვდა არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ საპარლამენტო, მათ შორის ოპოზიციის ჯგუფების ფართო წარმომადგენლობას, არის გზავნილი, რომ დემოკრატია ოპოზიციის გარეშე არ არსებობს.

ნაცვლიშვილის თქმით, ოლივერ ვარჰეის მხრიდან ერთიანობისკენ მოწოდება არ გაკვირვებია, რადგან პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა, კომისრისთვის უკვე დაეხვედრებინა 12 პუნქტის შესრულების კონსენსუსზე დაფუძნებული შედეგები.

„ის ფაქტი, რომ ვარჰეი შეხვდა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ან ხელისუფლებას, არამედ საპარლამენტო წარმომადგენლობას, მათ შორის იყო ოპოზიციის ჯგუფების ფართო წარმომადგენლობა, თავისთავად გზავნილია, რომ დემოკრატია ოპოზიციის გარეშე არ არსებობს. მან თავისი ქმედებით, როცა მაგიდასთან ყველა დაგვსვა, აჩვენა, რომ ეს არის ევროპული ქცევა, როდესაც ყველას ელაპარაკები ერთად, ერთი მაგიდის ირგვლივ. ერთიანობისკენ მოწოდება არ გამიკვირდა, რადგან პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კომისრისთვის დაეხვედრებინა უკვე მკაფიოდ კონსენსუსზე დაფუძნებული შედეგები 12 პუნქტის შესრულების. ვინაიდან „ქართული ოცნება“ კონსენსუსის გზით არ მიდის, ამით თავმოწონების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა და ცდილობს, ამ პროცესში განტევების ვაცი იპოვოს, მაგრამ ვარჰეის გზავნილი არის ძალიან მკაფიო, ოპოზიციის მარგინალიზაცია არ არის დემოკრატიული გზა, ოპოზიციის მაგიდასთან არდასმა არ არის დემოკრატიული გზა და ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საქართველომ უნდა გაატაროს რეფორმები. მან ასევე თქვა, რომ პირადად იქნება საქართველოს ლობისტი და მოგვმართა მთელ საპარლამენტო შემადგენლობას იგივე გზავნილით, რაც ჩვენ უკვე მოვისმინეთ წინა ელჩისგან – გთხოვთ, დაგვეხმარეთ ევროკავშირს, რომ საქართველოს მივცეთ კანდიდატის სტატუსი, დაგვეხმარეთ სწორი და სიღრმისეული რეფორმების გატარების გზით და თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება რეფორმების გზაზე, მან თქვა, რომ ყველანი მზად ვართ ამ დახმარებისთვის, ოღონდ, ეს რეფორმები თქვენი გასატარებელია, მოგიწოდებთ, ეს რეფორმები გაატაროთ, რადგან საქართველოს და არც ევროკავშირს არ აქვთ უფლება, ეს პროცესი ჩაფლავდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.