ანა ნაცვლიშვილი - ვაგრძელებთ საპროტესტო ტალღას, რომელიც იქნება მშვიდობიანი, კონსტიტუციური
ანა ნაცვლიშვილი - ვაგრძელებთ საპროტესტო ტალღას, რომელიც იქნება მშვიდობიანი, კონსტიტუციური

ხვალ არის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც პარლამენტის შესასვლელებთან გაიმართება და ყველა ოპოზიციური ძალა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ჩვენც. ხვალინდელი აქცია დაგეგმილია, როგორც სრულიად მშვიდობიანი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი აქციების გაგრძელებას აპირებს.

„თუ ადგილი ექნება იმას, რომ პოლიცია გადადის შეტევაზე, მშვიდობიან მომიტინგეებს იტაცებს და გადაჰყავთ პოლიციის განყოფილებაში, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის თემაა. ჩვენ ვამბობთ, შეთანხმებას ახალ არჩევნებზე ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით უჭირს მიიღოს და გაიგოს ეს რეალობა. ამაში ჩვენ ჩართული გვყავს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო პარტნიორები, რომ მათ შეასმინონ რაიმე. ასევე, ცხადია, ვაგრძელებთ საპროტესტო ტალღას. ეს ტალღა იქნება მხოლოდ მშვიდობიანი, კონსტიტუციური. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, თუ ვინმე კანონს არღვევს, ეს არის პოლიცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე განაცხადა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ. მათი ინფორმაციით, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან. ოპოზიციამ პიკეტი ხვალ დილით, პარლამენტის შენობასთან უკვე დააანონსა.