ანა ნაცვლიშვილი - თამარ ჟვანია რომ გადადგეს, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩეს, ასეთ არჩევნებს მაინც არ გამოვუცხადებთ ნდობას
ანა ნაცვლიშვილი - თამარ ჟვანია რომ გადადგეს, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩეს, ასეთ არჩევნებს მაინც არ გამოვუცხადებთ ნდობას

თამარ ჟვანია კიდეც რომ გადადგეს, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩეს, ასეთ არჩევნებს მაინც არ გამოვუცხადებთ ნდობას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრინციპული მნიშვნელობის საკითხია ერთიანი სისტემური ცვლილებები, რომელიც არჩევნებს საზოგადოების ნდობას დაუბრუნებს.

„რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია სამივე დონეზე, მხოლოდ ცესკო არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია სამივე დონეზე კადრების შერჩევა მოხდეს ისე, რომ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს და მათი საქმიანობა ეფუძნებოდეს კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას და არა რაიმე სხვა ნიშანს.

წლების განმავლობაში, ეს იყო სერიოზული პრობლემა და დადასტურებული ფაქტი ე.წ. პროფესიული წევრები წარმოადგენდნენ პროფესიული ნიშნის ქვეშ გადაცმულ პარტიულ აქტივს. ამიტომ იმ ხარისხის არჩევნებს ვიღებდით, როგორსაც ვიღებდით 31 ოქტომბრის ჩათვლით. ასევე არის დავების თემა, როგორ გადაწყდება და რა შეიცვლება, რომ მეტი შესაძლებლობა იყოს, დავები სამართლიანად წარიმართოს. თუ ამ ცვლილებებს მივყავართ ნდობის დაბრუნებამდე, ეს ცვლილება კარგია, თუ ის გვაშორებს ნდობას, მაშინ ეს სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანია კიდეც რომ გადადგეს, მაგრამ სისტემა დარჩეს უცვლელი, ასეთ არჩევნებს მაინც არ გამოვუცხადებთ ნდობას. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობის საკითხია ერთიანი სისტემური ცვლილებები, რომელიც არჩევნებს საზოგადოების ნდობას დაუბრუნებს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.