ანა ნაცვლიშვილი - სტრასბურგის სასამართლოს სერიოზული სამართლებრივი წონა აქვს და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნებში პოლიტიკურად რეზონანსულ მოვლენებს ახდენს
ანა ნაცვლიშვილი - სტრასბურგის სასამართლოს სერიოზული სამართლებრივი წონა აქვს და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნებში პოლიტიკურად რეზონანსულ მოვლენებს ახდენს

სტრასბურგის სასამართლოს სერიოზული სამართლებრივი წონა აქვს და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნებში პოლიტიკურად რეზონანსულ მოვლენებს ახდენს, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვასთან დაკავშირებით. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის ხანგრძლივი მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი.

„ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის შიგნით მართლმსაჯულებას არ ენდობიან, მათ შორის, არ ენდობიან გახმაურებული საქმეების მონაწილეები, არის რეალობა, ძალიან მძიმე რეალობა მართლმსაჯულებისთვის. წლებია, საქართველოს მოქალაქეები შესცქერიან სტრასბურგის სასამართლოს თუ სხვა საერთაშორისო ინსტანციებს, რადგანაც ქვეყნის შიგნით მართლმსაჯულება არ ხორციელდება. ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკური კლასი, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფიც, რომელიც ოდესმე გადავა ოპოზიციაში და ეს ამბავიც მალე მოხდება; ისიც, ვინც ადრე ხელისუფლებაში იყო და ახლა ოპოზიციაშია; ისიც, ვინც არ ვყოფილვართ, მაგრამ მოვალთ – ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება თუ ვერ მოხდება, დაუსრულებელი იქნება ასეთი საქმეების გადინება სტრასბურგში.

ახლა ჩვენს წინაშე არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა დაიწყოს, რომელიც არ არის საკმარისი იმ მეტასტაზების მოსაშორებლად, რაც სასამართლოს სჭირს, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მათ მიერ სტრასბურგის სასამართლოსადმი სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ მელიას მიმართ გამოყენებული იყო უკანონო პატიმრობა და მასთან მიმართებით სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მიზნებით გამოიყენეს. ადვოკატის თქმით, დაირღვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლები.