ანა ნაცვლიშვილი - შეიძლება, კრიტიკულად ვაფასებდეთ პრეზიდენტის აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ უკვე შემდგარი ფაქტია, მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დაიკავა ცხადი პოზიცია
ანა ნაცვლიშვილი - შეიძლება, კრიტიკულად ვაფასებდეთ პრეზიდენტის აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ უკვე შემდგარი ფაქტია, მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დაიკავა ცხადი პოზიცია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საერთაშორისო კრიტიკას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა, რომელმაც თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა და იმ ნეიტრალური შემფასებლების მხარე დაიკავა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე საუბრობენ.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული ნაბიჯები სრულიად არ შეესაბამება შეთანხმებას.

„პრეზიდენტის პოზიცია არის სწორი, რადგან სახელმწიფოს მეთაური თავისი კონსტრუქციული როლიდან გამომდინარე და შეთანხმების ხელმოწერის ბოლო ფაზაში ჩართული მხარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობას ატარებს. პრეზიდენტის გზავნილები სრულ თანხვედრაშია იმ პოზიციასთან, რომელიც მედიატორებსა და ნეიტრალურ მხარეებს აქვთ. პრეზიდენტს ჰქონდა ღია აქცენტები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან საგარეო კურსის სერიოზული დარტყმის ქვეშ დაყენებას. შეიძლება, კრიტიკულად ვაფასებდეთ პრეზიდენტის მიერ აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს და შეიძლება, სამომავლოდ მისი პოზიციები იყოს შეფასებული კრიტიკულად, მაგრამ უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დაიკავა ცალსახა და ცხადი პოზიცია.

უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ამ სახელმწიფოს მეთაურმა თავის საჯარო გამოსვლაში ღიად დააფიქსირა საგარეო კურსისთვის შექმნილი საფრთხეები, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა ქმნის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.