ანა ნაცვლიშვილი - საქართველო სანქციებს შესაძლოა, ვერ აწესებდეს, მაგრამ უნდა კონტროლდებოდეს იმის შესრულება, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში განაცხადა
„ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, მედიას წარუდგინა საკითხები, თუ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას სანქციებთან მიმართებით.
„ენტონი ბლინკენის განცხადებამ ხაზგასმით ჩასვა დღის წესრიგში საკითხი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ზომა, რათა რუსეთის სამხედრო დანაშაულები იყოს აღიარებული, ამაზე აქვს მკაფიო პოზიცია დასაფიქსირებელი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, საქართველო დღეს სანქციებს შესაძლოა, ვერ აწესებდეს, მაგრამ უნდა კონტროლდებოდეს იმის შესრულება, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში განაცხადა.
„ჩვენ დიდი ხანია, დაინიცირებული გვაქვს საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისა და ამ ომის დანაშაულებისთვის სახელის დარქმევას ითვალისწინებს. ეს რეზოლუცია არის ხელოვნურად შეფერხებული და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, პარლამენტის მხრიდან შეფასება მიეცეს ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებს. იუსტიციის სამინისტრომ, რომელსაც აქვს გამოცდილება ომისა და საერთაშორისო დოკუმენტირებისა, მიავლინოს სპეციალური მისია, შევიდეს თანამშრომლობაში და გამოცდილების გაზიარების კუთხით იმუშაოს ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით. შეწყვიტონ თავდასხმები ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებზე თუ ცალკეულ პირებზე.
გასაგებია, რომ საქართველო თავად, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვერ აწესებდეს დღეს სანქციებს, მაგრამ იმის შესრულების კონტროლი უნდა ხდებოდეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა. დღეს არსებობს თუ არა მყარი გარანტიები იმისთვის, რომ საქართველო არ არის ან არ გახდება რუსეთისთვის შავი ხვრელი სანქციების ასარიდებლად“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვებზე სახელმწიფო უწყებების ნაწილს პასუხი არ გაუცია.
„მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, რაც კანონის დარღვევაა. იკვეთება, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია სანქციებისთვის თავის არიდების ადგილად საქართველოს დასაცავად. არ არსებობს სახელმწიფო სტრატეგიის აღსრულების ერთიანი სამოქმედო გეგმა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, არ არსებობს სამოქმედო გეგმის აღსრულების მაკოორდინირებელი უწყება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.