ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო მუდმივად გვითვალთვალებს, გვისმენს, ადამიანების პირად მიმოწერასა და პირად ცხოვრებას სუს-ი საჯარო პროცესების სამართავად იყენებს
ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო მუდმივად გვითვალთვალებს, გვისმენს, ადამიანების პირად მიმოწერასა და პირად ცხოვრებას სუს-ი საჯარო პროცესების სამართავად იყენებს

სახელმწიფო მუდმივად გვითვალთვალებს და გვისმენს, მთავარი პრობლემა არის, რომ ადამიანების პირად მიმოწერასა და პირად ცხოვრებას სუს-ი იყენებს ადამიანების და საჯარო პროცესების სამართავად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დღეს მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოში პროცესებს წარმართავენ არა კონკრეტული პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ლიდერები ღიად და გამჭვირვალედ, არამედ სადღაც დახურულ კულუარებში დაწერილი, კომპრომატებზე აწყობილი სქემებით წყდება ქვეყნის მართვა და ხალხის ბედი.

„ეს თუ არ დასრულდება, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ეს არის ყველაზე მძიმე ფსკერი, ამის იქეთ კიდევ უფრო მძიმე პროცესები დაიწყება და განვითარდება, ამიტომ ეს ტოტალური კონტროლის მექანიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მთავარი დანაშაული არის ის, რომ მან არ თქვა უარი მოქალაქეების ტოტალურ კონტროლზე. ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები პარლამენტით დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული აკონტროლებდნენ სუს-ის საქმიანობას, რაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტი, გვაქვს პირიქით – სუს-ი აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს და იყენებს პირადი ცხოვრების, პირადი მიმოწერის მასალებს ადამიანების სამართავად“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ვინც საკუთარი თავი ამოიცნო ამ ჩანაწერებში, უნდა მიმართოს გამოძიებას.

„დღეს იმის უარყოფას, რომ ეს არის მოგონილი და ფაბრიკაცია აზრი არ აქვს, რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, არაერთმა ჟურნალისტმა, პროდიუსერმა და პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ სიტყვასიტყვით არის მათი მიმოწერები თუ ნასაუბრევი სუს-ის ანგარიშში გადატანილი. ყველა ამ ადამიანმა ცხადია, უნდა მიმართოს გამოძიებას, არა იმიტომ რომ ვინმეს აქვს ილუზია ამ ხელისუფლების პირობებში გამოძიება თუნდაც ფორმალურად დაიწყება, არა, ამას ვერ გაბედავს პროკურატურა, რომელიც ასევე სუს-ის კონტროლის ქვეშ არის. მნიშვნელოვანია სამართლებრივად პრეტენზიის დაფიქსირება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. ადამიანებმა შეძლონ ფეხქვეშ გათელილი უფლებების აღდგენა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საზიზღარი პრაქტიკის წარსულში დატოვება. ჩვენი ამოცანა დღეს არის რა, რომ პერსონალიებზე დაფუძნებული პოლიტიკიდან გადავიდეთ კანონზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე და ყველა, იქნება ეს მოქმედი, ყოფილი, მაღალი თუ დაბალი ჩინოსანი, ჩაჯდეს კანონისა და ინსტიტუციის ჩარჩოებში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.