ანა ნაცვლიშვილი - სახალხო დამცველს არ ეძლევა საშუალება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება შეისწავლოს, რაც უკიდურესად საშიში პრეცედენტია
ანა ნაცვლიშვილი - სახალხო დამცველს არ ეძლევა საშუალება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება შეისწავლოს, რაც უკიდურესად საშიში პრეცედენტია

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკვე კვირებია, სახალხო დამცველს არ ეძლევა საშუალება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება შეისწავლოს.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის არა მხოლოდ დაუშვებელი მოქმედება, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკიდურესად საშიში პრეცედენტი.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს.

„უკვე კვირებია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან, რომლებიც არ აძლევენ შესაძლებლობას კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, შევიდეს და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა შეისწავლოს. ეს არის არა მხოლოდ ყოვლად დაუშვებელი მოქმედება, რადგან საქმე ეხება საზოგადოების ყველაზე უფრო მოწყვლად ნაწილს, რომელთა ინტერესების და უფლებების დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, ამ ბავშვების მდგომარეობა ორმაგად მოწყვლადია მათი სოციალური სტატუსის გამო, ეს არის უკიდურესად საშიში პრეცედენტი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.

რას ნიშნავს, რომ არ აძლევენ კანონით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს სრული მანდატი და ლეგიტიმაცია, ასე აირჩია ის საქართველოს პარლამენტმა. რას ნიშნავს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტი სასწრაფო მოსაზრებას აგზავნის. დავაზუსტებ, რომ ეს არის კომიტეტი, რომლის წევრებიც ჩვენ, სახელმწიფო თავად გავხდით ჩვენი სურვილით, არავინ გვაძალებდა.

კომიტეტი ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მიეცეს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობა და ეს არ აღსრულებულა დღემდე. რას ნიშნავს ის, რომ სახელმწიფო თანამდებობის არც ერთი პირი, თუ ოფიციალური უწყება ამაზე კომენტარსაც კი არ აკეთებს, არათუ არ იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ ეს წარმოუდგენელი უკანონობა და სახელმწიფოს გაძევების, ჩანაცვლების, მიტაცების, თუ რაც გნებავთ, ის დავარქვათ, პრეცედენტი იყოს აღკვეთილი.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო პირები თავს უფლებას აძლევენ, განაცხადონ, რომ სახელმწიფო აქ მე ვარ. და თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამასთან შეგუებას, არ გაგვიკვირდეს, რომ ხვალ ასეთი შემთხვევა იქნება 10, 20, 200 და 1000. ხომ გვინახავს ასეთი პრეცედენტები? ზოგი კომბლით დარბის ქუჩაში და ზოგი რას აკეთებს. შევეგუოთ ამას? ეს არის სახელმწიფო? აქ პარლამენტის სუვერენულ უფლებებზე იყო საუბარი. საქმე ეხებათ ბავშვებს. ამავე დროს, სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშ პრეცედენტს, მინდა, მოგიწოდოთ ინდივიდუალურადაც და როგორც პარლამენტმა, სასწრაფოდ გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ყველა აღმასრულებელი უწყება, რომელიც დღეს თავისი ინიციატივითაც უნდა აკეთებდეს ამას, ჩაერთოს, რათა სასწრაფოდ შეწყდეს ეს უკანონობა. წარმოუდგენელია ამის მოთმენა და ის, რომ აქამდე დუმს პარლამენტი, მისი შესაბამისი კომიტეტები, თუ საბჭოები და აღმასრულებელი უწყებებიც“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.