ანა ნაცვლიშვილი – საარჩევნო ცვლილებებს არც მხარს ვუჭერ და არც წინააღმდეგ ვაძლევ ხმას, თავშეკავების რეჟიმში ვრჩები
ფრაქცია „ლელო“ საარჩევნო ცვლილებებს საკომიტეტო მოსმენაზე მხარს არ დაუჭერს. ფრაქციის წევრები კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას გეგმავენ.
მათი თქმით, დარჩენილია მთელი რიგი შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების გარეშე, კანონი სრულყოფილი ვერ იქნება.
„ჩემი პოზიცია იურიდიულ კომიტეტზე იქნება იგივე, რაც გუშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე. არც მხარს ვუჭერთ ამ კანონპროექტს და არც წინააღმდეგ ვაძლევ ხმას, თავშეკავების რეჟიმში ვრჩები, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შეტანა აუცილებლად მიმაჩნია კანონპროექტში. მათ შორის ეს არის არსებითი შინაარსის საკითხები, რომელიც უნდა იქნეს განხილული იმიტომ, რომ შეიძლება მეორე მოსმენის რეჟიმში მივუბრუნდეთ ამ საკითხებს. თუმცა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მოვისმინოთ კანონპროექტის ავტორების მხრიდან, ამ შინაარსობრივ საკითხებზე რა პოზიცია აქვთ. თავშეკავების რეჟიმში დავრჩები, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოთქმული ძალიან საფუძვლიანი საკითხები აისახოს კანონპროექტში. ეს მოსაზრებები გამოითქვა არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც, პარტიების მხრიდანაც.
იყო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, იყო საკითხები დავებთან მიმართებაში, როგორც ვადებზე, ისე საფუძველზე. იყო ძალიან ბევრი გონივრული და სწორი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
მე ამას ვუყურებ, როგორც პროცესს, როგორც მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ ფართო კონსენსუსი მოგროვდეს იმის მიმართ, რასაც პარლამენტი მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.