ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ
ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ

პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი მიკროსაფინანსო სესხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას აფასებს.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა სახის დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს გაუწიეს ქვეყანას. მისივე თქმით, წელს დაიწყეს საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც, მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ევროკავშირის დახმარებაზე ასეთი პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპასთან პარტნიორობა არ სურს.

„ევროკავშირის დახმარებაზე ამ პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, საქართველოს ევროპასთან პარტნიორობა არ უნდა. რატომ? – ეს მხოლოდ ფული კი არ იყო, რომელსაც მეგობარი გვაძლევდა. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად დასახელებული იყო, რომ რეფორმებს გაატარებდა, რაზეც ხელისუფლებამ ხელი მოაწერა და ვალდებულება აიღო. ამ ვალდებულებას არ ასრულებს „ქართული ოცნება“ და ევროკავშირმა თქვა, თუ რეფორმა არ გინდათ, ჩვენგან არ ელოდოთ მხარდაჭერას ამ სახით. ანუ, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე და ასევე ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. პანდემიის დროს მნიშვნელოვანია მილიონობით ევრო კი არა, თითოეული თეთრი მოქალაქეებისთვის. ამ ფულისგან სარგებელი მოქალაქეებს უნდა მიეღოთ, ხელისუფლებასთან კი არ უნდა წასულიყო. ეს პოლიტიკური განაცხადია, რომლითაც „ქართული ოცნება“ ქვეყანას იზოლაციისკენ სწრაფი ტემპით მიაქანებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.