ანა ნაცვლიშვილი - პროცესში განსაკუთრებით ღირებულია მათი ჩართულობა, ვინც ახერხებს და მის დროს ჩადენილ დანაშაულებზე თუ შეცდომებზე ღიად საუბრობს
ანა ნაცვლიშვილი - პროცესში განსაკუთრებით ღირებულია მათი ჩართულობა, ვინც ახერხებს და მის დროს ჩადენილ დანაშაულებზე თუ შეცდომებზე ღიად საუბრობს

ახლა ან დავასრულებთ 30-წლიან ბოდიალს, ან წელში გავიმართებით, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მან ისაუბრა „ლელოს“ მიერ დაფინანსებაზე დათანხმების საკითხზე. მისი თქმით, პარტია იმიტომ დათანხმდა, რომ ამ დაფინანსების სქემას ცნობს და აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა.

„ის კანონმდებლობა, რომელიც წლების განმავლობაში არ გამხდარა საკამათო და, რომლის შესაქმენელადაც ძალიან ბევრი რესურსი დაიხარჯა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის შექმნას საფუძვლად უძღოდა დიდი საერთაშორისო ჩართულობა. არ ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში ეს არის დისკომფორტის თემა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა დაფინანსების აღება ნამდვილი ხმების პირდაპირი აღიარება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ეს ცესკო-მ საკუთარ ოქმში დაწერა, რადგან იგივე კანონი ამბობს, რომ პარტიას დაფინანსება მიღებული ნამდვილი ხმების მიხედვით ეკუთვნის და „ლელომ“ წელიწადში დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი ზუსტად ნამდვილი ხმების, 60 000-ზე მეტი ხმის საფუძველზე უნდა მიიღოს, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს იმ საკითხს, რომ ნამდვილად მიიღო ხმები, რომელიც ცესკო-მ დაუწერა.

„ლელო“ ან ვინმე სხვა ამბობს, ეს ხმები არ მიგვიღიაო?! ვინმე ამბობს, რომ ციფრი, რაც ცესკო-მ დაგვიწერა, გვაჩუქა, ეს ხმები არ გვეკუთვნოდა და ვინმემ დაგვიმატა?! თუ ეს დაფინანსება ვინმემ არ უნდა აიღოს, ამდენი, რაც ამ ფორმულით გამოდის, არის „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ზედმეტი, სხვა პარტიების ხმები მან წაიღო, მიიწერა და მიითვისა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანა 30 წლის განმავლობაში „მოჯადოებულ წრეზე დაბოდიალობს“, რაც უნდა დამთავრდეს.

„ერთ ნაბიჯს რომ წინ ვდგამთ და ცხრას უკან, ახლა ან დავასრულებთ ამ 30-წლიან ბოდიალს, ან წელში გავიმართებით და ვიტყვით, რომ ეს არის ჩვენი მიზანი, როგორც ქვეყნისა და როგორც საზოგადოების; ჩვენ ვაშენებთ ქართულ სახელმწიფოს, ამ პრინციპების ირგვლივ და წინ მივდივართ, ან ვრჩებით და ისევ ამ 30-წლიან წრეზე კიდევ მეორე 30 წელი უნდა ვიბოდიალოთ. ოპოზიცია ამან გააერთიანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა საკითხზე ერთი აზრი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სჯერა თუ არა მას პარტნიორების, რომლებიც ამ 30-წლიან წრეზე სიარულის სერიოზული შემოქმედები არიან, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც ეს 30-წლიანი წრე საკუთარი ხელითა და ტვინით შექმნა და ამ პროცესში განსაკუთრებით ღირებულია მათი ჩართულობა, ვინც ახერხებს და მის დროს ჩადენილ დანაშაულებზე თუ შეცდომებზე ღიად საუბრობს.

„კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აბა, რას ველოდებით ახლა ჩვენ, ეს ადამიანები სად უნდა წავიდნენ, უნდა გაქრნენ და აორთქლდნენ?! ეს პოლიტიკური პროცესია. ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი