ანა ნაცვლიშვილი - პრემიერი პარლამენტში სადღეგრძელოებით თუ მოვა, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან
ანა ნაცვლიშვილი - პრემიერი პარლამენტში სადღეგრძელოებით თუ მოვა, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან

„ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს, მარტივი არ არის, პრემიერი იყო, მაგრამ პრემიერმა დღევანდელი ანგარიშის წარდგენისას უნდა თქვას, რამდენად ნაფიქრალ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

„საპარლამენტო კონტროლი იმას გულისხმობს, რომ მთავრობის მიერ გაწეული სამსახური უნდა გააკონტროლოს. იმედია, პრემიერი მოვა მტკიცებულებებით, ანგარიშებით, გაკეთებული საქმეებით და დასაბუთებით იმ გადაწყვეტილებების, რასაც მთავრობა იღებდა. ეს თუ იქნება ზეპირსიტყვიერი სადღეგრძელოები, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან. ველოდებით, რა სტანდარტს მოიტანს გაკეთებული საქმეების. ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს და ცხადია, მარტივი არ არის, პრემიერი იყო, მაგრამ უნდა გვითხრას, რამდენად ნაფიქრალ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო დღეს, 25 ივნისს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას მოუსმენს. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მოხსენების  შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით მიმდინარეობს: პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვისთვის გამოყოფილია ორი წუთი, დაზუსტებისთვის – ერთი, ხოლო შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს 20 წუთი. სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა ხუთი წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების – სამი წუთი.თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. გამოსვლების დასრულების შემდეგ, 10-წუთიანი რეგლამენტით მომხსენებელი პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.