ანა ნაცვლიშვილი - მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ვხედავთ ამის მზადყოფნას, საქართველო ჩვენს მეგობრებს არ მიუტოვებიათ
ანა ნაცვლიშვილი - მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ვხედავთ ამის მზადყოფნას, საქართველო ჩვენს მეგობრებს არ მიუტოვებიათ

ამ თვეების განმავლობაში „ლელოს“ ბოიკოტთან დაკავშირებით უცვლელი და პრინციპული პოზიცია ჰქონდა, ასევე მყარი პოზიცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება, რათა პოლიტიკურ მშვიდობას მივაღწიოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ლელო“ ყველა ძალისხმევას დებს იმაში, რომ მოლაპარაკების ფორმატმა იცოცხლოს და კონკრეტულ, ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მიაღწიოს, რაც ფართო პოლიტიკურ შეთანხმებაში უნდა გამოიხატოს. ჩვენთვის პრინციპულია პრეზიდენტ მიშელის მიერ განსაზღვრული ექვსპუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი და ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ჩარჩო დოკუმენტში იქნა დასმული, უნდა გახდეს შეთანხმების საგანი. ამ საკითხების რეალიზება რა ფორმებს მიიღებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და გრძელდება, მაგრამ პრინციპულია, რომ ის ღირებულებები, ის თემები, რაც პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიან დოკუმენტში დასმული იქნა, ამ პუნქტებამდე მივიდეთ. მისასვლელი გზები, ტაქტიკა არის განხილვის საგანი. ხედავთ, რომ ამაზე შეიძლება მხარეებს შორის არსებობდეს აზრთა მკვეთრი სხვაობა, თუმცა ჩვენ ყველა იმ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ, რომელიც პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიან დოკუმენტში დაისვა. „ლელო“ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ფაქტობრივად, ყოველდღიური და ყოველსაათობრივი ურთიერთობა გვაქვს მათთან. პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა აუცილებელია. ესაა ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა იმისა, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელშიც შეგვიყვანა ხელისუფლების მიერ არჩევნების ჯიბეში ჩადებამ, გამოვიდეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ როგორმე ეს კრიზისი განიმუხტოს, რადგან კრიზისის განმუხტვისთვის რეალური შეთანხმება გვჭირდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმება არ შედგა, რადგან სამ პუნქტს, რომელზეც „ლელომ“ და მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა თანხმობა განაცხადეს, არ დაეთანხმა „ქართული ოცნება“.

„ქართულმა ოცნებამ“ თანხმობა არ განაცხადა იმ სამ პუნქტზეც კი, რომელზეც ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ. ამ სამ პუნქტზე ხელისუფლების თანხმობა და დარჩენილი ორი პუნქტის ირგვლივ შეთანხმების მიღწევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ველოდებით მოლაპარაკების გაგრძელებას. ერთი რამ, რაც ამ კრიზისში შეიძლება კარგი იყოს, არის ის, რომ საქართველო მარტო არაა და მას ჰყავს გამოცდილი, ერთგული და გონიერი გულშემატკივრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სახით.

ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის მოსაზრებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველოს ფუნქციური, საქმის მკეთებელი, მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება. მოცემულ სიტუაციაში ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნება, თუ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას წინ არ უძღვის შეთანხმება იმ ძირითად ხაზის შესახებ, რისთვისაც პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს. „ლელოს“ აქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩვენს მეგობრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. გუშინდელი შეხვედრაც იყო გაგრძელება იმ სამუშაოსი, რომელსაც „ლელო“ ამ თვეების განმავლობაში ეწევა, რომ ფართო პოლიტიკური შეთანხმება მიღწეული იქნას. ჩვენი პოზიცია უცვლელია, როდესაც ვამბობთ, რომ საჭიროა გადატვირთვა, ვგულისხმობთ იმ ფუნდამენტურ საკითხამდე შეთანხმებას, რომელიც მოგვცემს გეგმას, როგორ ვიაროთ წინ უახლოესი თვეების განმავლობაში. ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მოლაპარაკებები როგორ გაგრძელდება, მაგრამ ცხადია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ვხედავთ ამის მზადყოფნას, საქართველო ჩვენს მეგობრებს არ მიუტოვებიათ“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი