ანა ნაცვლიშვილი - მნიშვნელოვანი იქნება, ოპოზიციამ მთელი ძალისხმევა მიმართოს იმ მნიშვნელოვანი გამოწვევისკენ, რაც ხუთ თვეში გველოდება
ანა ნაცვლიშვილი - მნიშვნელოვანი იქნება, ოპოზიციამ მთელი ძალისხმევა მიმართოს იმ მნიშვნელოვანი გამოწვევისკენ, რაც ხუთ თვეში გველოდება

პირველ რიგში, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება პირდაპირი შედეგია იმ შეთანხმების, რომელსაც მხარეებმა მივაღწიეთ. ცხადია, მიხარია, რომ ეს დღე დადგა და მინდა, მას მივულოცო, – ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე.

ნაცვლიშვილის თქმით, ნიკა მელია გარეთ ყოფნა მნიშვნელოვანია.

„მისი გამოსვლა არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას შეამსუბუქებს. მნიშვნელოვანი იქნება, ახლა მაინც, ოპოზიციამ მოახერხოს მთელი ძალისხმევა და კონცეტრაცია მიმართოს იმ მნიშვნელოვანი გამოწვევისკენ, რაც ხუთ თვეში გველოდება. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც ვადამდელი არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. მნიშვნელოვანი იქნება, ამ საკითხზე ბრძოლა მიმდინარეობდეს ისე, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და ქვეყანა წინ წავიდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.