ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ უნდა ილაქლაქო, შალვა ნათელაშვილსა და სხვებს 30 წელი ჰქონდათ, რომ ქვეყანა რამესთვის დაემსგავსებინათ
ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ უნდა ილაქლაქო, შალვა ნათელაშვილსა და სხვებს 30 წელი ჰქონდათ, რომ ქვეყანა რამესთვის დაემსგავსებინათ

მინდა, ყველა ადამიანს მივცე შესაბამისი რჩევა, არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკა არის ადგილი, სადაც 30 წელი უნდა ილაპარაკო და მეტი არაფერი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„30 წელი თუ ვინმე ასე უყურებდა, რომ მხოლოდ უნდა ილაქლაქო, ვხედავთ, ქვეყანა რა მდგომარეობაშიც არის. შესაბამისად, ვიღაცებს შეუძლიათ, აირჩიონ მხოლოდ საუბრის გაგრძელება, ვიღაცები ავირჩევთ საქმის გაკეთებას. კრიტიკა იქნება, გასაგებია ეს ამბავი, ვინც საქმეს აკეთებს, მას აკრიტიკებენ. მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი და მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან და 30-წლიანი ციკლი, რომელშიც ვიყავით, ვიღაც-ვიღაცები, როგორც ჩანს, ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს. 30-წლიანი ციკლი დასრულდება და ქვეყანა დაიწყებს ახალ ეტაპზე სიარულს, ვისაც ამასთან დისკომფორტი აქვს, შეუძლია დარჩეს მის დისკომფორტში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანა იყოს კომფორტულად და არა ცალკეული პოლიტიკოსები“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე: „აყირავებდა თუ არა მაგიდას ნათელაშვილი“, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მან მისი როლი არ იცის.

„არ ვიცი მისი როლი, ვერ გეტყვით, მიწვეულიც კი არ იყო იგი ამ მაგიდასთან. შალვას, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, 30 წელი ჰქონდათ, რომ ქვეყანა რაიმესთვის დაემსგავსებინათ და ჩემი თაობის პოლიტიკოსებისთვის ცოტა უკეთესი ვითარება დაეხვედრებინათ. მაგრამ არ ვიცი, რატომ გაფლანგა ეს ძვირფასი დრო. როგორც ჩანს, პოლიტიკა არის მათი აქტუალიზაციის ინსტიტრუმენტი. პოლიტიკას ვხედავ, როგორც შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყანა რაღაც უკეთესს დაემსგავსოს, ვიდრე 30 წლის განმავლობაში იყო. ამიტომ ვისაც პირადი ამბიციები, გეგმები აქვს, რომ ახალი ადგილი მოინიშნოს პოლიტიკურ სივრცეში, სჯობს, მოინიშნოს საქმის კეთებით“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.