ანა ნაცვლიშვილი - სასამართლო სისტემაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ ტყუილი „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა
ანა ნაცვლიშვილი - სასამართლო სისტემაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ ტყუილი „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სასამართლო სისტემაზე იმას ნიშნავს, რომ ტყუილი „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, როცა პრემიერი კვლევებზე საუბრობს, კარგი იქნებოდა, მას ერთი კვლევა მაინც მიეთითებინა, სადაც არათუ ევროპის ქვეყნებს უსწრებს, არამედ სადმე პულსი მაინც ესინჯება საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის სასამართლოს.

„ეს არის გამოგონილი რეალობა, რომლისაც ხშირად თავადაც არ სჯერათ, მაგრამ წინასაარჩევნოდ სჭირდებათ საკუთარი დემორალიზებული ამომრჩეველი დაარწმუნონ. “ქართულმა ოცნებამ” სასამართლო არათუ გააუმჯობესა, არამედ იმაზე უფრო მძიმე ვითარებაში შეიყვანა, ვიდრე წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო, რატომ? – იმიტომ, რომ ის მოსამართლეები და მანკიერებები, რაც წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა, ადგილზე დატოვა და ეს ხალხი უვადოდ დანიშნა. ეს არის რეალობა, დანარჩენი ღარიბაშვილის ფანტანზიებია. რატომღაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ესმით, რას ნიშნავს დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთობა და ურთიერთოების კულტურა. ვიოლა ფონ კრამონი თავის თავს უფლებას არასოდეს არ მისცემს, რომ თავი ვინმეს უფროსად წარმოუდგინოს, მაგრამ ღარიბაშვილის თავი მუშაობს ასე – ან ქვემდგომი უნდა ჰყავდეს, ან უფროსი, მას თანასწორებთან და პარტნიორებთან კულტურული პოლიტიკური მუშაობა არ წარმოუდგენია. ევროკავშირი რუსეთისგან განსხვავებით, დიქტატორულ მითითებებს არ იძლევა. ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებებს დაეხმაროს, ისეთი სახელმწიფო შეიქმნას, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს დაეხმარება. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო რეფორმაზე უარის თქმით ევროკავშირს კი არ მიაყენა ზიანი, არამედ საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, არ ექნებათ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა თქვენ დაგჩაგრავთ, უწყება არ იქნება, სადაც მისვლას და უფლებების დაცვას შეძლებთო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას.