ანა ნაცვლიშვილი - ინაუგურაციაზე გიორგი მარგველაშვილის დასწრების საკითხი დეტალების დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი
მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას.
ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებამ საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტი იხილა, როცა მოქმედი პრეზიდენტი ახალარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში დახვდა და უფლებამოსილების ცივილურად გადაბარება მოხდა.
„ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რაზეც უნდა დაშენდეს ძალაუფლებების ცივილიზებულად გადაბარების ტრადიცია და კულტურა. რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, მან მოწვევა მიიღო. პროტოკოლის სამსახური მუშაობს კონკრეტულ საკითხებზე და როცა ეს დეტალები გადაწყდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის დასწრებისა და კონკრეტული ფუნქციის შესახებ. როგორც ხედავთ, პრეზიდენტი ისევე, როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში, მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი გემოვნებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პროტოკოლებს შორის მიმდინარე მუშაობა, იმედია, იქნება კონსტრუქციული და სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მივლენ. იმედია, ორივე მხარე სასარგებლო ინფორმაციამდე მივა და ამის შემდეგ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განწყობა მუდმივად იყო და ახლაც არის, რომ ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალი პასუხისმგებლობა ავალდებულებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ დეტალებზე კონსტრუქციული შეთანხმება მოხდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.