ანა ნაცვლიშვილი - გუშინ ვიხილეთ, როგორ შემოიპარა გომელაური პარლამენტში და შემდეგ გაიპარა შეშინებული, ეს ძალიან მძიმე სურათია
ანა ნაცვლიშვილი - გუშინ ვიხილეთ, როგორ შემოიპარა გომელაური პარლამენტში და შემდეგ გაიპარა შეშინებული, ეს ძალიან მძიმე სურათია

„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საჭირო, ლოგიკური და ყველაზე ადეკვატური გამოსავალია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, როდესაც პირი მისთვის დაკისრებულ მთავარ ვალდებულებას ვერ ასრულებს, სამსახურს ემშვიდობება.

„ეს ასეა ჩვეულებრივ ურთიერთობებში და მინისტრი გამონაკლისი რატომ უნდა იყოს? ადამიანმა მუშა-ხელი რომ დაიქირაოს, მაგრამ მან მისთვის დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულოს, ვინმე ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს? არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი ადამიანების სახელმწიფოს ხარჯზე შენახვა, სამწუხაროდ, ხელწერა გახდა. გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ შემოიპარა გომელაური პარლამენტში და შემდეგ როგორ გაიპარა შეშინებული. ეს ძალიან მძიმე სურათია – ადამიანი, რომელიც მართლწესრიგზეა პასუხისმგებელი, ამ სურათის შემდეგ, ასეთი შს მინისტრის პირობებში უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა ვის უნდა ჰქონდეს?”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პლენარული სხდომა შეწყვიტა არა ოპოზიციის გამო, არამედ ჟურნალისტების მდუმარე პროტესტის გამო და სხდომათა დარბაზში გადმოფენილ ორ ბანერს ვერ გაუძლეს.

„როდესაც სიმართლე შენს მხარესაა, ასე არ გემართება. რაც მოხდა ნათელი დემონსტრირებაა, რომ მათ კითხვებზე პასუხი არ აქვთ“, – დასძინა ნაცვლიშვილმა.