ანა ნაცვლიშვილი - გამოსავლების იმიტაციებზე მსჯელობის ნაცვლად, სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეალობას თვალი გაუსწორონ, დაიწყონ საუბარი ახალ არჩევნებზე
ანა ნაცვლიშვილი - გამოსავლების იმიტაციებზე მსჯელობის ნაცვლად, სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეალობას თვალი გაუსწორონ, დაიწყონ საუბარი ახალ არჩევნებზე

არანაირი დამატებითი მექანიზმების შექმნა არ გახდებოდა საჭირო, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს წესიერად რომ ეფუნქციონირათ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომლითაც ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებს ოპოზიციის საჩივრებზე რეაგირება არ მოუხდენიათ. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ, რეალობას თვალი გაუსწორონ და ისრების სხვა მიმართულებით გადატანას ცდილობენ.

„ამ ქვეყანაში ფორმალურად მაინც ჯერ კიდევ არსებობს პროკურატურა, სასამართლო. ოპოზიციურმა პარტიებმა ასობით საჩივრით მივმართეთ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებს, ასევე სასამართლოებს, რომ განეხილათ ის დარღვევები, რომლებიც ჩვენ და ჩვენმა დამკვირვებლებმა დავაფიქსირეთ.

ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური თვალების დაბრმავება იმ ასობით საჩივართან, დადასტურებულ ფაქტებთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოვადგინეთ. რა ახალ გამოძიებაზე საუბრობს და რა ერთ პროცენტიან ცდომილებაზე.

ის დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა, რომლებიც მოხდა 31 ოქტომბერს და რომლებიც 31 ოქტომბრის შემდეგ დავების არგანხილვით არის ჩადენილი, ისინი ყველაფერი გამოძიებულია შესაბამისი არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან და ახლა რაღაც ახალი უნდა გამოვიგონოთ? რომელიმე ერთ საარჩევნო დარღვევაზე სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე ერთ წარმომადგენელს შეუძლია თქვას, რომ შესაბამისმა უწყებებმა, როგორიცაა შსს, პროკურატურა, სასამართლო, შეისწავლეს და რამე რეაგირება მოახდინეს?

ეს არის კიდევ ერთხელ რეალობიდან გაქცევა, ისრების სულ სხვაგან გადატანა. ეს არჩევნები რომ მიტაცებულია, ამის დამადასტურებელი ათობით ფაქტია, მათ შორის გაყალბების, ჩაყრის და კარუსელის ფაქტები, რომლებიც დაფიქსირებულია მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან. რაღაც გამოსავლების იმიტაციებზე მსჯელობის ნაცვლად, სჯობს, რეალობას თვალი გაუსწორონ, დაიწყონ ჩვენთან საუბარი ახალი არჩევნების თარიღზე და ჩატარების წესებზე“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ სთავაზობენ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, გადამოწმდეს იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მოიწვევენ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას.