ანა ნაცვლიშვილი – სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აეწყო საათივით უსამართლო მართლმსაჯულება, ეს ჩემთვის არ არის თემა, რომელიც შეიძლება დავივიწყო
ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება. რაც შეეხება მის პოლიტიკაში ჩართვას, სააკაშვილი პოლიტიკაში ჩართულია, მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის შეხედულებებს არ იზიარებს, სხვა შემთხვევაში, მის გუნდში იქნებოდა.
„ამ საკითხს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილება. ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება. თუმცა ვიცით, რომ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული მის მიმართ და ეს არის საფუძველი მისი ვერდაბრუნების. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას, ის პოლიტიკაში ჩართულია, მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა. ეს მისი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. მე რომ მქონდეს ამ პოლიტიკოსის მიმართ სიმპათია ან ვიზიარებდე სააკაშვილის შეხედულებებს, მის გუნდში ვიქნებოდი. საბედნიეროდ, არ ვარ, რადგან არც მისი პრეზიდენტობის დროს და არც შემდეგ ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს უსამართლო მართლმსაჯულება საათივით აეწყო. ეს ჩემთვის არ არის თემა, რომელიც შეიძლება დავივიწყო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, ამ საკითხზე საუბრისას, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი გუნდის გადასაწყვეტია.
„საკითხი თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება, პარლამენტში კონკრეტული გეგმით შემოვედით და ბევრს ვმუშაობთ, რომ შეთანხმება შესრულდეს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.