ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ უარს ვამბობთ მანდატებზე, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ეს არის სამართლიანი და სწორი
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ უარს ვამბობთ მანდატებზე, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ეს არის სამართლიანი და სწორი

„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს, არის თანმიმდევრული და რა დაპირებაც მივეცით ჩვენს საზოგადოებას იმ დაპირებას ვუერთგულებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ აგრძელებს ბრძოლას სამართლიანი არჩევნებისთვის.

„ჩვენ ვთქვით, რომ გაყალბებული, ჭუჭყიანი არჩევნების შედეგად ქართველი ხალხის ნება 31 ოქტომბრის არჩევნებმა არ და ვერ ასახა. ამიტომ, მანდატების განაწილება ვერ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს და შესაბამისად, ამ არჩევნებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი, სუფთა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენ უარს ვამბობთ მანდატებზე, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ეს არის სამართლიანი და სწორი ბრძოლა, რომელმაც უნდა დაასრულოს ტყუილზე, თვალთმაქცობაზე კანონდარღვევაზე დაფუძნებული რეალობა. ჩვენ უნდა გადავიდეთ სრულიად ახალ რეალობაში. ამ აქტით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ პოლიტიკაში მოვედით არა იმიტომ, რომ თანამდებობები ან ოფიციალური სტატუსები გვჭირდებოდა, არამედ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ბრძოლისთვის. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ პარლამენტის გარეთ თუ პარლამენტის შიგნით ეს მეათეხარისხოვანია, მთავარია, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც სჭირდება ამ ქვეყანას და ვაგრძელებთ ბრძოლას სუფთა და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ლელოს“ ოთხი საპარლამენტო მანდატი აქვს.

დღეს პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით ასევე მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების: „ნაციონალური  მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა, ასევე „ევროპული საქართველოსა“ და, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა.

ამასთან, პარლამენტს განცხადებით გუშინ მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ „მოქალაქეების“, „გირჩისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს.