ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს.

ნაცვლიშვილის თქმით, საბჭოს შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ჯანდაცვის სისტემის მენეჯერული მართვის მცოდნე პირები, საჯარო პოლიტიკის გამოცდილების მქონე ადამიანები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ოპოზიცია.

მისივე განცხადებით, საზოგადოებას არ აქვს წვდომა არგუმენტებზე, რაზე დაყრდნობით იღებენ სხდომაზე გადაწყვეტილებებს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ ნულოვანი ინფორმაცია გვაქვს. ოთახში ჩაიკეტებიან, საერთოდ დარწმუნებული ხართ, რომ პანდემიის მართვაზე მსჯელობენ? რატომ უნდა დავიჯეროთ ან არ დავიჯეროთ მათი? ეს უნდა იყოს საჯარო. საკოორდინაციო საბჭოს ევალება, რომ მისი გადაწყვეტილებები სულ მცირე ოქმდებოდეს და იყოს გამჭვირვალე. დღეს არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ საბჭო, როგორც კოლექტიური ორგანო, ასე ფუნქციონირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, შეიცვალოს საბჭოს შემადგენლობა და მის შემადგენლობაში შევიდნენ ჯანდაცვის სისტემის მენეჯერული მართვის მცოდნე პირები, ასევე უნდა შევიდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ საჯარო პოლიტიკის გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტები და ოპოზიცია.

თუ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ომში ვართ, მარტო მათი ომია და მერე როგორ ომობენ? საბჭო უნდა გახდეს საზოგადოების ფართო წარმომადგენლობითი. ამასთან, რაც არ უნდა კარგი ხალხი შევიდეს, თუ ისევ დახურულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, შეიძლება ხარისხი ამაღლდეს, მაგრამ არსებითად რა შეიცვლება. განვიცდიდით ინფორმაციულ შიმშილს, რომ რაღაც ახალ რეჟიმზე რომ გადავედით, რატომ გადავედით. არ გვაქვს წვდომა არგუმენტებზე, რაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.