ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ დაპირებებს დღეში ორჯერ ცვლის
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ დაპირებებს დღეში ორჯერ ცვლის

ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ დაპირებებს დღეში ორჯერ ცვლის.

ჟურნალისტებთან საუბარში ანა ნაცვლიშვილმა არ დააკონკრეტა, საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერს თუ არა მხარს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი ოპოზიციას სამპროცენტიან საარჩევნო ბარიერს შესთავაზებს.

„ქართული ოცნება“ თავის პოზიციას რაც უფრო ხშირად შეცვლის და თვითმხილების რეჟიმში გადავა, ეს წინასაარჩევნოდ მით უკეთესი იქნება, რადგან ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, დაინახოს, უნდა თუ არა ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც საკუთარ სიტყვას დღეში ორჯერ ღალატობს. 3 პროცენტზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან ამ მოცემულობაში მმართველი პარტია არასერიოზულად გამოიყურება, რომელიც მის მიერვე ინიცირებულ კანონპროექტზე დღეში ორჯერ მამლის ყივილამდე და შემდეგ მზად არის, გადათქვას და გადაიფიქროს, ეს არის ძალიან არასერიოზული. შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებები არ მივიღოთ, კი ბატონო, ასეთი პოზიციონირება გააგრძელონ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 2 პროცენტამდე მცირდება, თუმცა „ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს, რომ მეორე მოსმენისას ეს ბარიერი 3 პროცენტამდე გაიზარდოს.