ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ინიციატივა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოითქვა 
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ინიციატივა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოითქვა 

ჩვენი კანონმდებლობით და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუცილებელია, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მესამე პრეზიდენტს ჰქონდეს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაწეული, ამისთვის მიგვაჩნია, რომ გორის ჰოსპიტალი, იქნება საკითხის სწორი გადაწყვეტა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, არ იდოს სასწორზე და არ იყოს დაშვებული კრიტიკული შეცდომა, სხვა ყველაფერი ამ მომენტისთვის აქტუალური არ არის.

„მთავარი არის ის, რომ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ დაემუქროს საფრთხე. ჩვენი შეფასებით, გორი არის ადეკვატური. დანარჩენი ვინ რას ლაპარაკობს, რას აკეთებს, მე ამ შეფასებებში არ შევალ გამიზნულად, მაგრამ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს განსაკუთრებული არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც და მორალურადაც, რომ მისმა ქმედებებმა, თუ უმოქმედობებმა არ დააყენოს მთელი ქვეყანა და საზოგადოება, არამხოლოდ ერთი კონკრეტული პატიმარი, მთელი ქვეყანა, საზოგადოება არ დააყენოს შეუქცევადი და ძალიან მძიმე შედეგის წინაშე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, თქვენ ამბობთ, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის იდეას ემხრობით და შესაძლოა, რომ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დააყენეს ეს საკითხი კუჭავასთან შეხვედრისას, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა: „არა, შესაძლოა კი არა, ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ასეთია. ჩვენ ცხადია, რომ ამ ვითარებაში არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მოსაზრებებით მოსმენით. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, მათ შორის სპეციალისტებისგან მიღებული, გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს არის მაღალი სტანდარტის სამედიცინო დაწესებულება, ამავე დროს, სადაც უსაფრთხოებისა და ღირსების კომპონენტები იქნება დაცული, რასთან დაკავშირებითაც დღეს არსებობს ბევრი კითხვა“.

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ინიციატივა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოითქვა.

კითხვაზე, რაც შეეხება რუსულ საფრთხეს, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, ამ საფრთხეს იაზრებთ როდესაც ამბობთ, რომ ადეკვატურია გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გორის ჰოსპიტალში არის სამედიცინო სტანდარტები.

„გორის ჰოსპიტალში არის ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის სტანდარტი და აქ არის უსაფრთხოების სტანდარტი. ზოგადად ჩვენ რომ ვართ, ოკუპირებულია ქვეყანა და რუსული საფრთხეების მიმართ ქვეყანაში მედეგობის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ეს ჩვენც არაერთხელ გვითქვამს და საზოგადოებისთვის ცნობილია. ეს საფრთხეები არსებობს და სამწუხაროდ, ამ ქვეყნისთვის საუბედუროდ ეს საფრთხეები არ არის შემოსაზღვრული რომელიმე ერთი გეოგრაფიული ლოკაციით. ვიცით, რომ რუსული რბილი ძალა, მათ შორის მოქმედებს ხელისუფლების მიმართულებითაც და მოქმედებს თბილისშიც, არ არის შემოსაზღვრული გორით, ქუთაისით, კასპით თუ ბათუმით, ამიტომ ეს საფრთხე ზოგადად არსებობს, არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში. ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური მართვა. გორის ჰოსპიტალში ხდება ჰოსპიტალიზება ჩვენი სამხედროების. ჩემთვის ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებაც, რომლებიც გორის ჰოსპიტალში არიან ხოლმე ჰოსპიტალიზებული, არ არის უმნიშვნელო საკითხი, თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ გორის ჰოსპიტალი არ არის უსაფრთხო, ამაზე სხვა მსჯელობა არის მაშინ გასამართი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გუშინ განაცხადა, რომ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა სთხოვა, პარლამენტის მხრიდან ეშუამდგომლა სააკაშვილის გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა.

„ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო. ტრაგედიაა, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება“, – განაცხადა კუჭავამ.