ანა მიქელაძე – საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეჯამებულია

23:50, 07.11.2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ცესკო-მ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით პირველი ტურის არჩევნების შედეგები შეაჯამა.

გარდა ამისა, მიქელაძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა მეორე ტურისთვის საჭირო საარჩევნო ღონისძიებები და შესაბამისი ვადები.

„მაგალითისათვის, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი საკონსულო რეგისტრაცია და შესაბამისად ვერ მიიღეს 28 ოქტომბერს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა, მათ 11 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საკონსულოებს. შესაძლებელია ასევე ელექტრონულად გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა“,- განაცხადა მიქელაძემ.

პრესსპიკერის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, 8 ნოემბერი იყო უკიდურესი ვადა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებს შეეძლოთ შეეჯამებინათ არჩევნების პირველი ტურის შედეგები, თუმცა, როგორც მიქელაძე აცხადებს, უკვე 7 ნოემბერს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა.

„შესაბამისად ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონმდებლობის თანახმად, ყველა იმ საკანონმდებლო პროცედურის გავლის შემდეგ, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით, შეაჯამებს არჩევნების შედეგებს და დანიშნავს არჩევნების მეორე ტურის თარიღს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მსგავსი