ანა გომეში - ატმოსფერო, რომელიც საქართველოში პოზიტიური იყო არჩევნების პირველი ტურის წინ, შეიცვალა და პოლარიზებული გახდა
ატმოსფერო, რომელიც საქართველოში პოზიტიური იყო არჩევნების პირველი ტურის წინ, შეიცვალა და პოლარიზებული გახდა, – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ანა გომეში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„ჩემი წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით, ატმოსფერო, რომელიც საქართველოში პოზიტიური იყო პირველი ტურის წინ, შეიცვალა და პოლარიზებული გახდა. ჩვენ ვნახეთ შეტევები საპრეზიდენტო კანდიდატზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის – ერთია პოლიტიკური დებატები, ოპონენტობა, პოლიტიკური კრიტიკა, რაც სრულად ლეგიტიმურია და ეს არის დემოკრატიული პროცესები. მაგრამ მეორეა ინდივიდუალური შეტევა საპრეზიდენტო კანდიდატზე, როდესაც ერთი მეორეს აკრიტიკებს ნაკლები პატრიოტიზმისთვის ან მიკერძოებულ გამონათქვამებს აქვს ადგილი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია ქალი კანდიდატის მიმართ. ეს არის მიუღებელი. ეს არ არის ღირსეული დებატები. ამიტომ იყო მოწოდება საქართველოს ხელისუფლების, კანდიდატების, მათი მომხრეების და მედიის მიმართ, რომელსაც უდიდესი პასუხიმგებლობა აქვს. ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ. გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა „ფეიკ ნიუსებთან“, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთიდან ვრცელდება. სიძულვილის ენის გავრცელება და საზოგადოების პოლარიზება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას. საქართველოს მოქალაქეებს სურთ დემოკრატია“, – განაცხადა ანა გომეშმა.