ანა ფოტიგა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში
ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, შესწორებების ინიცირება მოახდინა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში
„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის“, – წერს ანა ფოტიგა „ტვიტერზე“.
ანა ფოტიგა შესწორების ტექსტსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, ევროკავშირი საოკუპაციო ძალების ქმედებებს გმობს და რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს საქართველოს ტერიტორიების რუსულ ოკუპაციას; შეახსენებს რუსეთს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, გაფორმებულს ევროკავშირის შუამავლობით საფრანგეთის თავმჯდომარეობისას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე. მხარს უჭერს პირობითობის დანერგვას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებს; მოუწოდებს რუსეთს, იმოქმედოს კონსტრუქციულად და ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიებს წინსვლის საშუალება მისცეს; მოუწოდებს, რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევები და ახსენებს რუსეთის ფედერაციას მის სამართლებრივ ვალდებულებას, როგორც ძალაუფლების მქონეს, რომელიც ახორციელებს „ეფექტურ კონტროლს“, როგორც ეს არის აღნიშნული საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ საქმის ECHR-ის დადგენილებაში; გმობს საოკუპაციო ძალების მიერ პროვოკაციებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს, ასევე მუდმივ ბორდერიზაციას“, – ნათქვამია შესწორების ტექსტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს.