ანა ფოტიგა - საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშში საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე ჩემი შესწორება დაამტკიცეს
ანა ფოტიგა - საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშში საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე ჩემი შესწორება დაამტკიცეს

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების ანგარიშში საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ შესწორება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დღეს დაამტკიცეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე ჩემი შესწორება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში“, – წერს ანა ფოტიგა და მისი ინიციატივით მიღებული შესწორების ტექსტს აქვეყნებს.

„ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე იმ პირობით, რომ ისინი დაიცავენ კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა უფლებებს და დაიცავენ კანონის უზენაესობას; შესაბამისად, ანგარიში მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევა ამ ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რათა მათ გააგრძელონ შიდა რეფორმები“, – ნათქვამია შესწორების ტექსტში.

16 თებერვალს ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციები მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა. წლიურ ანგარიშებში ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს