ანა ფოტიგა - გიორგი რურუას წინააღმდეგ ბრალდებები ყალბად მიმაჩნია და ისინი უნდა მოიხსნას
ანა ფოტიგა - გიორგი რურუას წინააღმდეგ ბრალდებები ყალბად მიმაჩნია და ისინი უნდა მოიხსნას

საქართველო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, პრაქტიკულად ერთხმად ვუჭერთ მხარს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

„მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპაციას განიცდის, ერთის მხრივ 2008 წლის შეთანხმებით, რომელიც არ შესრულებულა. ჩვენ ვხედავთ ბორდერიზაციას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. გასული წლის ივნისის მოვლენებმა ფაქტობრივად უკან დაგვაბრუნა, დიახ, იქ იყო ემოციური რეაქცია, თუმცა რეალურად ჩვენ ვიხილეთ სიამაყე და სურვილი, შეინარჩუნონ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება“,- განაცხადა ანა ფოტიგამ.

ამასთან, ფოტიგამ ისაუბრა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხზე და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიდგომას უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, ევროპარლამენტარის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალდებები ყალბად მიაჩნია.

„ამასთან, მინდა, აღვნიშნო გიორგი რურუა, დამოუკიდებელი ბიზნესმენი და დამოუკიდებელი მედიის მფლობელი. პოსტსაბჭოთა სივრცესა და საბჭოთა კავშირის ოპოზიციაში მთელი ჩემი გამოცდილებით, მის წინააღმდეგ ეს ბრალდებები მე ყალბად მიმაჩნია და ისინი უნდა მოიხსნას.

ვიმედოვნებ, მშვიდობიანი პერიოდი იქნება ოქტომბრის არჩევნების წინ, რომელიც ოპოზიციურ პარტიებსა და მთავრობას შორის, 8 მარტის შეთანხმების შესრულების შესაძლებლობას მისცემს. ვიმედოვნებ, თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი არჩევნების ჩატარების საშუალება იქნება. მოვუწოდებ უმაღლეს წარმომადგენლებს, მომავალშიც მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც ფინანსურად და ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური დახმარების სახით“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა „კოვიდ-19“-ის დაძლევაში კარგი შედეგები აღნიშნა.

„მინდა ასევე აღვნიშნო, კოვიდ-19-ის დაძლევაში კარგდი შედეგები, რაც ნაწილობრივ, ჩვენი მხარდაჭერის შედეგია და ეს უნდა განვაგრძოთ. მინდა, ასევე აღვნიშნო ანაკლიის მიტოვებული პროექტი. „კოვიდ-19“-ის შემდგომი კრიზისი შესაძლოა, იყოს გამოსავალი საქართველოში ტრანსპორტისა და ვაჭრობის დამოუკიდებელი გზების უფრო მეტად მხარდასაჭერად“,- განაცხადა ანა ფოტიგამ.