ანა ფოტიგა - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ამის დემონსტრირების საუკეთესო გზა უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაა
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის დემონსტრირების საუკეთესო გზა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერება და უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაა, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე იმსჯელეს.
ამასთან, ევროპარლამენტარმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთისა და ბელარუსის ოპოზიციას.
„რუსეთის აგრესიულ ქცევაზე საუკეთესო პასუხი არის ჩვენ მიერ შეთანხმებული რეზოლუცია, რომელშიც მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს საერთაშორისო წესრიგს, პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის დემონსტრირების საუკეთესო გზა არის ისეთი პროექტების დაუყოვნებლივ შეჩერება, როგორიცაა რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისა და ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა უკრაინისა და საქართველოსთვის. ჩვენ, ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნები სოლიდარობას ვუცხადებთ ჩეხეთს და მივესალმებით ამ ქვეყნის პასუხს სახელმწიფო ტერორიზმზე, რომელიც რუსეთის მოქმედმა ოფიცრებმა მოაწყვეს ჩეხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ოპოზიციას და კერძოდ, ალექსეი ნავალნის. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ბელარუსის ოპოზიციას, რომელიც გმობს ლუკაშენკოს რეჟიმს“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.