ანა ფოტიგა - უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს პოლიტიკური წრეების მხარდაჭერა აქვს
ანა ფოტიგა - უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს პოლიტიკური წრეების მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები სტუმრობენ. ევროპარლამენტარებმა ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გამართეს.

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადად უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები განიხილეს. მისი შეფასებით, საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე რჩება.

„ძირითადად, განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი. ჩვენ ვართ თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტიდან და სწორედ ამიტომ, ძირითადად ამ საკითხებით დავინტერესდით, წამოვჭერით ყველა რელევანტური საკითხი. რა თქმა უნდა, რუსეთი კვლავ საქართველოს მთავარ საფრთხედ რჩება, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამის გამო, არაერთხელ შეგვიფასებია ეს ბრიუსელშიც.

საქმის კურსში ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვიცით ყველა ახალი ინიციატივის შესახებ, რაც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და ჩემი ინფორმაციით, მას აქვს პოლიტიკური წრეების ღრმა მხარდაჭერა, რაც ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, ჩემს აზრს ჩემი კოლეგებიც იზიარებენ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ამასთან, მისი თქმით, ევროპარლამენტი ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული ყველა საფრთხის შესახებ.

„აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვიცით საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარი ყველა საფრთხის შესახებ. ვფიქრობთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევა ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია, ხვალ ჩვენ მისიის საველე ოპერაციებსაც პირადად დავესწრებით, ამჯერად არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, არამედ აფხაზეთთან. ჩავალთ ზუგდიდში და მთელ დღეს ამას დავუთმობთ“ -აღნიშნავს ანა ფოტიგა.

ევროპარლამენტარები დღეს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან გამართავენ. დღის ბოლოს კი, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრს ეწვევიან.