ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება პროტესტის ნიშნად კვლავ დატოვეს
ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება პროტესტის ნიშნად კვლავ დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ანა დოლძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრების 19:00 საათზე დასრულებას ითხოვდნენ. მათ საკითხის კენჭისყრაზე დააყენების მოთხოვნითაც მიმართეს საბჭოს. არამოსამართლე წევრების თქმით, დაუშვებელია, სამუშაო საათების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ეტაპის გაგრძელება.

არამოსამართლე წევრების პოზიცია არ გაიზიარეს საბჭოს სხვა წევრებმა. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, თავად კონკურსანტები თანახმა არიან სხდომა გაგრძელდეს, შესაბამისად, სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს.

ჯანეზაშვილის კითხვაზე, თუ რა აუცილებლობით არის განპირობებული, რომ მუშაობა გაგრძელდეს 19:00 საათის შემდეგ, საბჭოს მოსამართლე წევრებმა განმარტეს, რომ ეს გამოწვეულია მოსამართლეთა სიმცირითა და საქმეთა დიდი რაოდენობით.

„გთხოვთ გაითვალისწინეთ იმ პირების ინტერესით, ვინც უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ელოფებიან. მათი საქმეები ერთ მოსამართლეს რომ ეწერება. გასაგებია რომ მოსამართლეების ბედი არ გაინტეესებთ და კლანს ეძახი, მაგრამ მოქალაქეების ინტერესი მაინც გაითვალისწინეთ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ანალოგიური მიზეზით გასაუბრებას მეოთხე დღეა პროტესტის ნიშნად ტოვებენ.

გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ უჩა თოდუასთან გრძელდება.