ანა დოლიძე - ვანო მერაბიშვილის მიმართ კანონის მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა აღსრულდეს
ანა დოლიძე - ვანო მერაბიშვილის მიმართ კანონის მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა აღსრულდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ კითხვის ნიშნები არავის უნდა დარჩეს, რომ ვანო მერაბიშვილს ცუდად ექცევიან და წინა საქმიანობის გამო სჯიან. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის მიმართ კანონის მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა აღსრულდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არავის დარჩეს რაიმე კითხვა, რომ მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა მისი პოლიტიკური შეხედულებების ან წარსულის გამო ხდება. ვანო მერაბიშვილის მიმართ კანონის მოთხოვნები პირდაპირ, ზედმიწევნით უნდა აღსრულდეს. ეს პატიმრობისა და ვადამდე გათავისუფლების პირობებს ეხება. მის მიმართ ერთმნიშვნელოვნად თანაბარი მიდგომაა საჭირო. ადამიანის უფლებებზე დაყრდნობილი მიდგომები, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა გარანტირებული, უზრუნველყოფს იმას, რომ კითხვის ნიშნები არავის დარჩეს, რომ მას ცუდად ექცევიან იმიტომ, წინა საქმიანობის გამო სჯიან. აუცილებელია, ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა ჩვენი კანონმდებლობის მოთხოვნები ზედმიწევნით განახორციელონ ვანო მერაბიშვილის, როგორც ერთ-ერთი პატიმრის მიმართ. აქ მისი ადამიანის უფლებების დაცვაც იგულისხმება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კი, საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია.